სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სეზონისწინა სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

AutoSharing Option
სეტონ ჰოლის 21 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს ბიგ ისთის კონფერენციის პრესეზონის გამოკითხვაში პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. საინტერესოა, რომ აღნიშნული კონფერენციის მწვრთნელებმა ქართველი ფორვარდი საუკეთესოთა შორის ერთხმად დაასახელეს. სანდრომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

“სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, ის, ჩვენ როგორ ვთამაშობთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდივართ, მთელი გულით ვიხარჯებით და ვცდილობთ, მეტოქეზე მეტი გავაკეთოთ. ცხადია, სასიამოვნოა, როდესაც საკუთარ თავს რაიმე გამოკითხვის სათავეში ხედავ, თუმცა, ეს კალათბურთია. ის, ვინც უფრო ბევრს მუშაობს და წარმატების მეტი
სურვილი აქვს, იმარჯვებს კიდეც. ახალ სეზონშიც ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ისინი ფიქრობენ”.

გამოკითხვის შედეგები სპეციალური მედია-დღის ფარგლებში გახმაურდა და პრესეზონის რეიტინგიც შედგა, სადაც სეტონ ჰოლი (67 ქულა) ბიგს ისთის კონფერენციის მე-5 ადგილზე აღმოჩნდა, მის წინ კი, ვილანოვა (99), რატი ანდრონიკაშვილის ახალი კლუბი კრეიტონი (91), პროვიდენსი (79) და კონექტიკუტი (69) გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ახლა კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა, რამდენიმე კლუბთან გასაუბრებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კოლეჯთა ლიგაში თამაში დაასრულოს და დრაფტზე 2021 წელს დადგეს.

სეტონ ჰოლი NCAA-ს ახალ სეზონს 11 დეკემბერს დეპოლთან მატჩით გახსნის, შემდეგ კი, თვის განმავლობაში, ქსავიერთან (15), მარკეტთან (17), პროვიდენსთანა (20) და ჯორჯთაუნთან (23) თამაშები ელის.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები სანდროს!
Guja Kakhadze
09:39 31-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული