მამუკელაშვილი NCAA-ში კარლ მელოუნის პრიზის მოგების ტოპ-25 მძიმე ფორვარდს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
NCAA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ის 25 კალათბურთელი ჩამოწერეს, რომლებიც დიდი ალბათობით, სტუდენტური ლიგის მომავალ სეზონში საუკეთესო მძიმე ფორვარდის ტიტულისთვის იბრძოლებენ. სასიხარულოა, რომ ცნობილმა საკალათბურთო მიმომხილველებმა TOP 25-ში სეტონ ჰოლის ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილიც შეიყვანეს.

აი, რა განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა 18 მაისს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში: “მართალია, კიდევ 1 წელი დამრჩა NCAA-ში, მაგრამ დაბრუნებაზე ჯერ არ მიფიქრია. თუმცა, რომც დავბრუნდე, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან პირველ რიგში მივიღებ დიპლომს, რაც ჩემს ოჯახს, ძალიან, ძალიან უნდა. სულ მეუბნებიან, რომ კალათბურთის თამაშს როცა
მოვრჩები, უნდა მქონდეს დიპლომი. ასევე მექნება შანსი, კარლ მელოუნის პრიზი მოვიგო, რომელსაც სეზონის საუკეთესო 4 ნომერს (მძიმე ფორვარდს) აძლევენ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, რაც აქამდე მქონია”.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ პოზიციაზე საუკეთესო NBA-ს ლეგენდარული კალათბურთელის – კარლ მელოუნის სახელობის პრიზს იღებს, ამდენად, ეს ტიტული მეტად პრესტიჟულია. გასულ სეზონებში პირველობა ობი ტოპინსა (დეიტონი) და ზაიონ უილიამსონს (დიუკი) ერგოთ და მოგვიანებით, ორივე სეზონის საუკეთესო მოთამაშეებადაც დაასახელეს. ბოლო წლებში პრიზი მონტრეზ ჰარელსა (ლუისვილი) და დეანდრე ეიტონს (არიზონა) მოუპოვებიათ, რომლებიც ამ დროისთვის NBA-ში ასევე ცნობილი კალათბურთელები არიან.

პრეტენდენთა სიაში სანდროს მე-12 პოზიცია მიაკუთვნეს, NCAA კი მას მცირე დახასიათებასაც ურთავს.

“მამუკელაშვილი გასულ სეზონში საშუალოდ 11.9 ქულასა და 6.0 მოხსნას აგროვებდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდის გამოტოვება მოუხდა. მას შემდეგ, რაც სეტონ ჰოლი მაილს პაუელმა დატოვა, მას საერთოდაც პირველი როლი ერგება გუნდში, რათა სეტონ ჰოლი ბიგ ისთის დივიზიონის სათავისკენ წაიყვანოს”.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი სეტონ ჰოლს 2017 წელს ფლორიდული მონტვერდეს აკადემიიდან შეუერთდა და მას შემდეგ საგრძნობი პროგრესი აქვს. სანდრო პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს, ბოლოს კი, თამაშში 11.9 ქულა ჰქონდა. გასულ სეზონში ქართველი კალათბურთელი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს. მოგვიანებით სანდრო NBA-ს დრაფტზეც დადგა, რამდენიმე კლუბთან გასაუბრებაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კოლეჯთა ლიგაში თამაში დაასრულოს და დრაფტზე 2021 წელს დადგეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული