შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
ესპანურმა El Dia-მ ლიგა ენდესას პირველი წრე (18 ტური) შეაჯამა და ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად "იბეროსტარ ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა შერმადინი 2020 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ამდენად, მოკლე დროში, ქართველი ლეგიონერი უკვე მეორედ დააფასეს. აი, რას წერს El Dia:

"იბეროსტარ ტენერიფესთვის" გიორგი შერმადინის მნიშვნელობას გადაფასებულს ნამდვილად ვერავინ უწოდებს. გასულ სეზონში ის უკვე იყო საუკეთესოთა შორის, ახლა კი, ჩვენი აზრით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, რაზეც სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს. გასულ 18
ტურში შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.3 გახლდათ და ეს მცირედით ნაკლებია მისი გასული სეზონის მაჩვენებელზე. სამაგიეროდ, დაახლოებით 3.5-ით მეტია მისი უახლოესი მდევრის – 'ობრადოიროს" ლიეტუველი ცენტრის, ლაურინას ბირუტისის შედეგზე. რა განაპირობებს ამ სხვაობას? ეს თვალსაჩინოა. 2 მატჩის გარდა, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს დაბლა არასდროს ჩამოსულა. მცირე ჩავარდნები "ვალენსიასთან" (8) და "ბასკონიასთან" (9) თამაშებში იყო.

შეიძლება ითქვას, რომ შერმადინი გასული სეზონის გრაფიკით მიდის, როდესაც რეგულარული პირველობის 22 მატჩში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა ციფრებით გამოიხატებოდა, ჯამში კი, ზედიზედ 32 თამაში ჰქონდა, როდესაც კოეფიციენტი მინიმუმ 11 ჰქონდა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძლიერია ფარქვეშ, სტაბილურად აგროვებს მოხსნებს, საჯარიმოებს კი ლამის 90%-იანი სიზუსტით ესვრის. გიო შთამბეჭდავი შედეგების ჩვენებას ახერხებს იმის გათვალისწინებითაც, რომ გასულ სეზონთან შედარებით სათამაშო დრო მცირედით შეუმცირდა: 25 წუთი 27-ის ნაცვლად.

"იბეროსტარ ტენერიფეში" გადასვლის შემდეგ მის კარგ თვისებებს ერთიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო დაფასებული კალათბურთელი გახადა. როდესაც შერმადინი ბურთს ფარქვეშ იღებს, მისი შეჩერება მხოლოდ უშუალო კონკურენტს ძალიან უჭირს. ის ბურთს გრძელი ხელებით კარგად აკონტროლებს, დამზღვევების გადმოსვლის შემდეგ კი სწორი პასის გაცემაც ისწავლა. ამან ის მოიტანა, რომ გასულ 18-ვე მატჩში ის მინიმუმ ერთ შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ამ დროისთვის, მის აქტივში უკვე 42 პასია, რაც საშუალოდ 2.33-ს უდის. ესპანეთის ჩემპიონატში ცენტრებს შორის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ვალენსიელ ბოიან დუბლევიჩს (2.7) გააჩნია.

შემთხვევითი ნამდვილად არაა, რომ შერმადინი გასული წლის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, ამას გარდა კი, ლიგა ენდესას მე-6 და მე-14 ტურების საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. მას ყველა შანსი აქვს, ესპანეთის ჩემპიონატისთვის თანამედროვეობის რეკორდიც დაამხოს, რომელიც ლეგენდარულ ფელიპე რეიესს ეკუთვნის. 2008-09 წლების სეზონში ესპანელი ცენტრის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.6 გახლდათ, რაც დღემდე ვერავინ გადაფარა”.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი "იბეროსტარ ტენერიფეს" ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 25:00 წუთი, 17.1 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.3 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.3-ს უტოლდება და ეს მთელ ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 18-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და "ბასკონიასთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ; მომდევნო მატჩს კი 16 იანვარს, სტუმრად, ბექა ბურჯანაძის "გრან კანარიასთან" ჩაატარებენ.

GBF


altშერმადინი ესპანური ლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

altშერმადინის 28 ქულა აუტსაიდერის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული