მამუკელაშვილი საუკეთესო ხუთეულში! ქართველის უდიდესი წარმატება

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელებმა დაასახელეს, რაც იშვიათი შემთხვევა და დიდი აღიარებაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.

საინტერესოა, რომ "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომ (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს. წლეულს, მამუკელაშვილის გარდა, ერთხმად მხოლოდ 1 კალათბურთელი აირჩიეს – "ვილანოვას" ჯერემია რობინსონ-ეარლი.

მამუკელაშვილი კონფერენციაში
იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 ასისტებში (3.1).

სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი 30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც "სეტონ ჰოლის" მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.

თებერვალში მამუკელაშვილი "პირატების" ისტორიაში მხოლოდ 45-ე კალათბურთელი გახდა, რომელმაც კლუბის მაისურით 1000-ქულიან ზღვარს უწია (ახლა 1072 ქულა აქვს). ეს საოცარი შედეგია მოთამაშისთვის, რომელმაც სადებიუტო სეზონში მხოლოდ 87 ქულა ჩააგდო, მე-2 სეზონში ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, რამდენიმე შეხვედრა კი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაეშალა.

აღსანიშნავია, სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატიცაა. ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის ტროფეის გადასცემენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი დონჩიჩი გვეყოლება მალე . წარმატებები მამუს
di ma
13:40 08-03-2021
0

სიახლეები პოპულარული