ლიგა ენდესას ნახევარფინალის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 80:68 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.
პირველ შეხვედრაში "ბარსამ" გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა (112:69) და რადგან მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, ბოლოს მწვრთნელმა შერმადინი აღარ ათამაშა და დღევანდელი დაპირისპირებისთვის დაასვენა. როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა.
გამარჯვებული დღევანდელ მატჩში დასკვნით მეოთხედში გაირკვა, რომელიც მასპინძლებმა 22:13 მოიგეს.
გიორგი მარგი ქმედების 37-იანი კოეფიციენტით MVP გახდა: 26:48 წუთში 21 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
acb.com-ის ცნობით, ქართველმა ცენტრმა ესპანურ ლიგაში 1987 წელს "გრანადას" კალათბურთელის, ედი ფილიპსის მიერ დამყარებული სარგებლიანობის რეკორდი (35) დაამხო.
26 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი იყო, რომლის ანგარიშზე 11 პასია. პაუ გასოლი კატალონიურ გუნდს 15 ქულით შეეწია.
სერია ორ მოგებამდეა - ამ გუნდების შემდეგი მატჩი 11 ივნისს ბარსელონაში ჩატარდება.