"არ ვიცოდი, მამაჩემს თუ კიბო ჰქონდა; ქართველებით ვამაყობ" - ინტერვიუ სანდრო მამუკელაშვილთან

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტის წინ nypost.com-მა ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ინტერვიუდან ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს:

- ქართველ ხალხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?
- ქართველები ნამდვილი მებრძოლები არიან და ისინი ყოველთვის თავდადებით მუშაობენ. როდესაც ვინმეს ვხვდებით ან ვინმე მოდის ჩვენთან სახლში, ყოველთვის ღიად ვეგებებით და ვცდილობთ, სუფრა გავუშალოთ და ვიქეიფოთ. ამიტომ ჩვენ ვართ ხალხი დიდი გულით და გვიყვარს სტუმრებთან ერთად დროის გატარება.

- რამდენად ხშირად ჩადიხართ საქართველოში?
- ვცდილობ, ყოველ ზაფხულს ჩავიდე. 3 წელია, რაც არ ჩავსულვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ
მომავალ წელს მოვინახულო.

- როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როცა მამათქვენი კიბოს ებრძოდა?
- ჩემი ოჯახი ამას დიდი ხანი მიმალავდა. ისინი უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ მამა ცუდად იყო. მე ხანდახან დეიდასთან ვრჩებოდი, ხანდახან მეგობართან ან ბებიასთან.

ვიცი, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, თავი კარგად მეგრძნო. მამაჩემი ნამდვილი მებრძოლია, ის ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ.

ის დასუსტებული იყო, მაგრამ ამას არ ამჟღავნებდა და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ვფიქრობდი, რომ მისი დაავადება გაივლიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, რა თქმა უნდა, სიმართლე მითხრეს.

როცა ეს პირველად გავიგე, შემეშინდა, მაგრამ დედაჩემი ნამდვილად ძლიერი ქალია და მან იმაზე ფიქრის უფლება არ მოგვცა, რომ მამას დავკარგავდით. ის მამას ყოველთვის მხარში ედგა.

- ჰოლივუდის ფილმის დასასრულივით იყო, როცა გადამწყვეტი ქულა ჩააგდეთ "ბათლერის" წინააღმდეგ და თამაშს მამათქვენიც ესწრებოდა...
- დიახ, ნამდვილად ასე იყო, განსაკუთრებით, ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ. პირველ რიგში, ის, რომ მწვრთნელმა მანდო, ბოლო სროლა მე განმეხორციელებინა, ნამდვილად შესანიშნავი იყო.

მაშინვე ვთქვი, მე ამას გავაკეთებ და როცა შევასრულე, მხოლოდ მამაჩემს ვუყურებდი. მე ხელით მისკენ ვუთითებდი და ის ჩემკენ უთითებდა.

ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი იყო ცხოვრებაში. როდესაც თამაშის შემდეგ ინტერვიუს ვაძლევდი, ის ჩემ უკან იდგა და მითხრა, მე ჯერ საქართველოს ტელევიზიას არ ვუჩვენებივარ და ამერიკაში კი მაჩვენესო.

- რას გრძნობდით, როცა საქართველოს ნაკრებში ითამაშეთ?
- ეს ნამდვილი პატივი იყო ჩემთვის... ბავშვობაში ვაღმერთებდი ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და სხვა დიდ მოთამაშეებს, რომლებიც გვყავდა.

როგორც კი მათი თამაშის ყურებას დავასრულებდი, გარეთ გავდიოდი და კალათბურთს ვთამაშობდი საქართველოს ნაკრების მაისურით. ყოველთვის ნაკრების წევრად წარმოვიდგენდი ხოლმე თავს და ნამდვილი პატივი იყო ჩემთვის ნაკრებში თამაში და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თამაშებს.

- თქვენ დეიდასთან ჩიკაგოში ცხოვრობდით, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო?
- დიახ, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად საშინელება იყო ეს, მაგრამ როცა საქართველოში დავბრუნდი, გავიგე, როგორ მიდიოდნენ ომში ახალგაზრდები, რომლებსაც იარაღი ხელში არასოდეს ჭერიათ. მე ვამაყობ ამ ხალხით, თუ როგორ დაიცვეს სამშობლო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მხოლოდ წინსვლა და წარმატებები მაგარო კაცო,ღმერთი გფარავდეს.
sake
14:07 03-08-2021
0
კარგ სპორცმენთან ერთად კარგი კაციც ყოფილხარ
ჯარისკაცი
08:43 27-07-2021
2

სიახლეები პოპულარული