33 ქულა შენგელიასთვის ევროლიგის რეკორდია. მისი უმაღლესი შედეგი 31 ქულა გახლდათ, რომელიც მან 2 წლის წინ, “ბასკონიაში” თამაშისას ევროლიგაში მიითვალა. დღეს კი “ზენიტთან” 77:67 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი დაამყარა და რომ იტყვიან, თავის გუნდს პირადად მოაგებინა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც მატჩის გაუსაჩივრებლად საუკეთესო შედეგი გახლდათ. შენგელიას შემდეგ ცსკა-ში საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა – 16 ქულა, 7 მოხსნა.
უდიდესი ალბათობით, მის ამ შედეგს მე-3 ტურში ვეღარავინ გადაფარავს და შენგელია კვლავ MVP გახდება, რაც უდიდესი მიღწევაა ნებისმიერი კალათბურთელისთვის. ცნობისთვის, თავის მრავალწლიან კარიერაში შენგელიას ევროლიგის ეს პრესტიჟული ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული.
„ზენიტის“ შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა. მას მწვრთნელმა 8 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 2 ქულა მიითვალა.
სამი ტურის შემდეგ ცსკა-ს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ შინ გამართავს.
თორნიკე შენგელია: “უპირველესად, მე ვარ გახარებული, რადგან ეს თამაში მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს არაფერი ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც მე გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით. გულწრფელად ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით, დაცვაში კი რამდენიმე წუთით გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენ არ დავნებდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვებას მივაღწიეთ. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ზენიტი ის გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს და ვიცოდით, რომ ისინი ბრძოლას გაგვიმართავდნენ. ზენიტს განსაკუთრებით კარგი მსროლელები ჰყავს და მათგან ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს უნდა ელოდო. ჩვენ კარგად მივდიეთ დასახულ ამოცანას და ამის წყალობით გავიმარჯვეთ”.
GBF.GE