ემოციური მომენტი - სანდრო და გოგა ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ... გასული დღის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 118:100 დაამარცხა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მოედანზე ქართველი ლეგიონერები ვიხილეთ.

მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ 5 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა მიითვალა. სტუმრების მხრიდან კი სანდრო მამუკელაშვილმა 3 წუთში 2 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. ჩვენთვის გამორჩეული მომენტი მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა, როდესაც კალათბურთელები ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ.


რაც შეეხება გამორჩეულ მოთამაშეებს, "ინდიანას" შემადგენლობიდან კარის ლევერტმა 23 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ირმების" მხრიდან კი იანის ანტეტოკუნმპომ თავი 26
ქულით, 13 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ამრიგად, "პეისერსი" 9 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 30 ნოემბერს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბაქსი" 13 მოგებითა და 8 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 2 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.


"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 15-ქულიანი უპირატესობით, 105:90 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"უორიორსის" შემადგენლობიდან კი სტეფ კარიმ თავი 33 ქულას, 5 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემასა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა.

გამოსარჩევია ჯორდან პულის თამაშიც, რომელმაც მესამე მეოთხედის მიწურულს პირადად მოახერხა და დააწინაურა საკუთარი გუნდი (ანგარიში 61:59 გახლდათ, რის შემდეგაც ჯორდანმა ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო ბოლო მეოთხედის წინ და საკუთარ გუნდს 7-ქულიანი (75:68) უპირატესობა მოუპოვა. მატჩის ბოლოს კი მისი სტატისტიკური მონაგარი შემდეგნაირი გახლდათ - 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ასე და ამგვარად, "გოლდენ სტეიტი" 18 გამარჯვებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 11 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ თამაშს კი ხვალ, 30 ნოემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" პირისპირ ჩაატარებს.


"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 110:106 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც თავი 33 ქულით, 5 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ენტონი დევისმა აქტივში 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "პისტონსს", ჯერემი გრანტმა 32 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 11 მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

"დეტროიტი" 4 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი იმავე 1-ელ დეკემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართული კალათბურთის ორი მომავალი "ვარსკვლავი".
ვაჟა მასწავლებელი
22:14 29-11-2021
2
ამ ბიჭებით დღეს ესპანეთთან არც ისე უშანსოდ ვიქნებოდით.... რო ათამაშებდნენ, კიდევ ჰო, მაგრამ იქაც ცდებიან და აქაც გვაკლდებიან,,,
ვოოტ
18:53 29-11-2021
0

სიახლეები პოპულარული