G ლიგაში მორიგი მეგა-მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა.
ქართველი ლეგიონერის "ვისკონსინ ჰერდმა" "ვინდი სიტი ბულსს" უმასპინძლა და 124:116 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით (5/7 სამქულიანი), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
კარგი მატჩი გამართა ჯორდან ნვორამაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შეგახსენებთ, ჯორდანი და "მამუ" სეზონის სტარტზე "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გამოდიოდნენ, თუმცა "ირმების" ხელმძღვანელობამ მეტი სათამაშო დროის გამო კალათბურთელები საკუთარ G ლიგის გუნდში გაუშვა.
ამრიგად, "ვისკონსინ ჰერდი" 6 გამარჯვებითა და 0 მარცხით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, იმავე "ვინდი სიტი ბულსის" პირისპირ ჩაატარებს.