ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 117:111 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა (2/8), 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მოგეხსენებათ, ჩვენებურს აქამდე ლიმიტირებული დროით დატვირთვა უწევდა, რადგან გუნდის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო და ბობი პორტისი ერთმანეთს ცვლიდნენ. დღევანდელი შეხვედრა კი ბერძენმა გამოტოვა, სანდრომ ითამაშა და პროცენტს თუ არ ჩავთვლით, კარგადაც გამოიყურებოდა.
საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
"ტორონტოს" შემადგენლობიდან პასკალ სიაკამმა გუნდს 33 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
გარი ტრენტ ჯუნიორმა და ოჟე ანუნობიმ თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "ბაქსი" 25 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"რეპტორსი" 18 გამარჯვებითა და 17 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი ასევე 8 იანვარს, "იუტა ჯაზის" პირისპირ ჩაატარებს.