დაძაბულ გასვლით მატჩში "ვირტუსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად, პესაროში ითამაშა და მასპინძელთა გუნდი ოვერტაიმში – 87:82 დაამარცხა. ბოლონიელთა გამარჯვების სულისჩამდგმელი თორნიკე შენგელია გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ბოლონიელთა რიგებში ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას
სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
"ვირტუსმა" 12 ტურში 11 გამარჯვება მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 2 იანვარს ჩაატარებს და მეტოქედ უმთავრესი კონკურენტი "ოლიმპია" მილანო ეყოლება.
GBF