სანდრომ "დალას მავერიკსთან" ოვერტაიმში წაგებულ მატჩში მოედანზე 33:15 წუთი დაჰყო. მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთელი დამატებითი 5 წუთიც გაატარა. ის მოედანზე იყო რეგულარული დროის ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ყველაზე დაძაბული ეპიზოდები გათამაშდა. მამუკელაშვილმა რეგულარულის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე სამქულიანი ჩაგდო, რითაც "სან ანტონიო" 117:114 დააწინაურა, თუმცა თამაშის ძირითადი 48 წუთი ფრედ დასრულდა და ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მასპინძელმა "დალასმა" 137:128 იმარჯვა.
მამუკელაშვილს საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა ამ მომენტში ყველანაირ ციფრზე მნიშვნელოვანი ის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ყოფნის 33 წუთით და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის რჩევებით მიიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანდრო მოედანზე ყველაზე დაძაბულ მომენტებში იდგა და თამაშის ამინდს ქმნიდა. მან მთელი ოვერტაიმი ითამაშა, რომლის დაწყებისას სადავო გდება მოიგო, ბურთი ორჯერ მოხსნა და თითო სროლა – (სამქულიანი და დამატება) ააცილა.
მამუკელაშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. მამუკელაშვილს მოედანზე გატარებულ 33:15 წუთში (მეორე შედეგი "სან ანტონიოში") ბურთი არ დაუკარგავს. მასზე მეტი, 36 წუთი მხოლოდ კელდონ ჯონსონმა ითამაშა, რომელიც გუნდის ლიდერია და ამჯერადაც საუკეთესო იყო: 27 ქულა, 8 მოხსნა.
მორიგ მატჩში, 18 მარტს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი "სან ანტონიო" ერთ-ერთ ლიდერს, "მემფისს" უმასპინძლებს.