სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე მატჩი, რომელიც "სან ანტონიომ" ოვერტაიმში წააგო. სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა 2 დღის წინ დალასში, დამატებით დროში დათმო შეხვედრა, ახლა კი შინ "მემფისთან" ოვერტაიმში დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში ხმაურიანი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა. სანდრომ მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში 14 მოხსნა მიითვალა. ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდში ყველაზე მეტი – 8 მოხსნა ზაკ კოლინსს ჰქონდა, ხოლო მემფისში მაქსიმალური შედეგი 10 მოხსნა იყო, რომელიც ტაირონ ჯონსმა დააფიქსირა. 14 მოხსნა მამუკელაშვილის პროფესიულ კარიერაში უმაღლესი შედეგია. აქამდე მისი რეკორდული მაჩვენებელი 13 მოხსნა
იყო, რომელიც მან წინა სეზონში, მილუოკიში თამაშის დროს, "კლივლენდის" წინააღმდეგ დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი "სან ანტონიო" 106:96 დააწინაურა. ქართველი ფორვარდი საფინალო სირენამდე 2:05 წუთით ადრე მოედნიდან გავიდა, რა დროსაც მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. დარჩენილ 2 წუთში მემფისელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა, "სან ანტონიომ" კი შეხვედრა 120:126 (სტატისტიკა) დათმო.

მამუკელაშვილმა მე-4 პერიოდში 7:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მთლიანობაში, მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში სანდროს მონაგარი იყო – 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. სანდრო არ დაჯარიმებულა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მამუკელაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. სანანტონიოელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო დევინ ვასელი, ზაკ კოლინსმა 24 ქულა მიითვალა, კელდონ ჯონსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.

"სან ანტონიო" მორიგ მატჩს 19 მარტს, კვლავ შინაურ არენაზე, ამჯერად "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანდროს ინტერვიუ
https://twitter.com/RealTomPetrini/status/1637202240258682883
ქ. გ.
06:25 19-03-2023
0
სანდროს მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=Iq2v9ujacEI
ქ. გ.
05:40 19-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული