მამუკელაშვილი "მილუოკიში" 12 ქულითა და 7 მოხსნით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, მაგრამ იანისისა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის კალენდარმა "სან ანტონიო" მილუოკიში სათამაშოდ ჩაიყვანა და მამუკელაშვილს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში. მოედანზე მისი უშუალო ვიზავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. კლუბი, რომელმაც მამუკელაშვილი 2 წლის წინ დრაფტზე აიყვანა და ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი გუნდის გარემოში მისცა პროფესიულ კალათბურთთან ზიარების საშუალება, "სან ანტონიოს" მეტოქე იყო. "იმ სან ანტონიოსი", რომელმაც 1 თვის წინ "მილუოკის" მიღმა დარჩენილი მამუკელაშვილი გუნდში აიყვანა,
მანამდელი საშუალო სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაუზარდა და პერიოდულად სასტარტოშიც ათამაშებს.

"სან ანტონიოსთვის", უფრო ზუსტად, გუნდის ლეგენდარული მწვრთნელისთვის, გრეგ პოპოვიჩისთვის, ამ მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, "სან ანტონიო" კი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე იმყოფება და წარსული დიდების დაბრუნების მცდელობაშია, რაც ახალგაზრდების გამოზრდით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღმასვლითა და ახალი გუნდის აშენებით მიიღწევა. ამაში კი ბადალი არ ჰყავს "სან ანტონიოს" მთავარ მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩს, რომელსაც არაერთი ახალგაზრდისთვის დაუდგამს თვალი და შემდგომში, როცა სუპერვარსკვლავებად უქცევია, მათგან სოლიდური დივიდენდები მიუღია. ასეა ახლაც და ამ გრანდიოზული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სანდრო მამუკელაშვილია, რომელსაც პოპოვიჩმა "მილუოკიში" 27:45 წუთი დაუთმო. მატჩი ცალფარა გამოდგა – "მილუოკიმ" დამაჯერებლად, 130:94 გაიმარჯვა.

ამჯერად სანდრო სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დრო, როგორც ნახეთ, სოლიდურად მიიღო. ქართველი მძიმე ფორვარდი პირველი პერიოდის მე-6 წუთზე გამოჩნდა მოედანზე და საკმაოდ აქტიური იყო. "სან ანტონიოში" თავის პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. სანდრომ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი ვიზავი უმეტესწილად იანისი იყო, რომელიც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, "მილუოკიში" ამჯერადაც საუკეთესო იყო: 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი. რაც შეეხება "სან ანტონიოში" საუკეთესოს, სანდროს მსგავსად, 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ზაკ კოლისმა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით დევინ ვასელი გახდა.

"სან ანტონიო" პლეი-ოფში ვეღარ გავა და სეზონში დარჩენილ 9 შეხვედრას საკუთარი გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წევრებისთვის მაქსიმალური გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს, რაც მამუკელაშვილისთვის სწორედ ის გახლავთ, რაც მას განვითარებისა და ნბა-ში დამკვიდრებისთვის სჭირდება.

GBF

altსანდროს საუკეთესო მატჩი "სპურსის" მაისურით - ქართველმა ტეხასელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული