გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქმა" ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 124:119 დაამარცხა და მოგებათა სერია 5 მატჩამდე გაზარდა. ერთი გუნდის ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ნბა-ს ბოლო 2 სეზონის MVP, სერბი გოლიათი ნიკოლა იოკიჩი იყო, ხოლო მეორეში - ჩვენი გოგა ბითაძე. იოკიჩმა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი მიითვალა და სტატისტიკა ქართველ ოპონენტზე თვალისმომჭრელად გამოსახა, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვება ბითაძის გუნდს დარჩა. აღსანიშნავია, რომ გოგას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელთან ორთაბრძოლაში თავი არ შეურცხვენია და გუნდურ, სისტემურ თამაშში გამარჯვებული გამოვიდა, რაც ნებისმიერ პირად
სტატისტიკაზე მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ბითაძე მოედანზე იმყოფებოდა მატჩის ბოლო წამებამდე და გამარჯვების მოპოვებაში აქტიურად იყო ჩართული. ბოლო წუთზე, როცა "დენვერი" ოდნავ ჩამორჩებოდა, ტაქტიკური ჯარიმების აღებაზე გადავიდა – თამაშის ბოლო 14 წამში მოქმედმა ჩემპიონებმა 3 სასროლი ჯარიმა “აიღეს” და სამივე ორლანდოელმა ზუსტად შეასრულა სროლები. ანუ "დენვერმა" სარგებელი ვერ მიიღო ამ ჯარიმებით, რადგან გოგა ბითაძემ (დასრულებამდე 14 წამით ადრე), ჯალენ საგსმა (00:04) და ფანც ვაგნერმა (00:02) შეუცდომლად ესროლეს საჯარიმოები და "ორლანდოს" საამაყო გამარჯვება გაუნაღდეს.

ბითაძემ მოედანზე ამ სეზონში პირადსარეკორდო 31:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგას თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა და ეს შედეგი მისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ამ მაჩვენებელში ის მხოლოდ ერთით ჩამორჩა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც 13 მოხსნა, 30 ქულა, 12 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ერთი სიტყვით, იოკიჩი იყო ჩვეულ ამპლუაში და კარიერის 111-ე სამმაგი დუბლიც გაიფორმა, მაგრამ მისი გუნდი ბითაძის "ორლანდოსთან" დამარცხდა. ფლორიდულ გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ფრანც ვაგნერს ჰქონდა – 27 ქულა. პაოლო ბანკერომ 23 ქულა დააგროვა, ხოლო სათადარიგო კოულ ენტონის 20 ქულა “ჯადოქრებს” დიდად დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში.

"ორლანდოს" 10 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიასთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს, ხოლო შემდეგ მატჩს შინ "ბოსტონთან" 24 ნოემბერს ჩაატარებს.

GBF

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული