მათე ხატიაშვილმა "რეალს" 22 ქულა ჩაუგდო | ქართველი გამთამაშებელი ავანსებს ამართლებს

AutoSharing Option
15 წლის მათე ხატიაშვილმა, რომელიც ესპანური "ბასკონიას" 15-წლამდელების გუნდში გამოდის, მადრიდის "რეალს" 22 ქულა ჩაუგდო. ეს მოხდა იტალიის ქალაქ ტრიესტში, ამხანაგური საერთაშორისო ტურნირის ფინალში, რომელიც მათე ბიჭის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 72:80 წააგო.

სანამ იტალიურ ტურნირზე დეტალებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ 14 წლის ასაკში მათე ხატიაშვილი 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ გასული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც საქართველომ ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ, მესამე ადგილისთვის მატჩში მათემ მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს 23 ქულა ჩაუგდო, საქართველომ კი დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და მომავალ წელს
A დივიზიონში იასპარეზებს.

ტრიესტის ახლახან დასრულებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ხატიაშვილმა იტალიურ "ბასანოსთან" (70:66) 28:45 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, "ტრიესტთან" (65:50) 29:37 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა, სლოვენიურ "ცედევიტასთან" (77:68) კი 37:02 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ფინალურ მატჩში ფავორიტად შერაცხულ მადრიდის "რეალთან" მათემ 32:31 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, თუმცა უარყოფითზეც უნდა ვთქვათ – ბურთი 9-ჯერ დაკარგა.

"ბასკონიაში" ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკა თანანაშვილმა, "ბასანოსთან" 2 ქულა ჩააგდო, "ტრიესტთან" – 4, "ცედევიტასთან" უქულოდ დარჩა, ხოლო "რეალთან" 2 ქულა მოაგროვა.

მათე ხატიაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და ის, კიდევ ერთ ტალანტთან, ტანმაღალ ათუკა ბახტაძესთან ერთად, გასულ ზაფხულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 14 და 15 წლის ბიჭებმა რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მწვრთნელთა შტაბის მოწონებაც დაიმსახურეს.

ხატიაშვილს კვლავ უწევს 16-წლამდელთა ნაკრებში თამაში და მომავალ ზაფხულს საქართველოს ნაკრებს A დივიზიონში დაეხმარება, ხოლო ბახტაძეს, რომელიც კაუნასის "ჟალგირისის" წევრია, უკვე 18-წლამდელთა ნაკრები უხმობს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთო!ნუთუ კარგი გამთამაშებელი გვეღირსა!სტატისტიკის მიხედვით,მსროლელი უფრო ჩანს,მაგრამ მისი თამაში არ მინახია და ობიექტური ვერ ვიქნები.ასეა თუ ისე,დიდ პროგრესს და წარმატებებს ვუსურვებ.ჩვენ ნაკრებს ძალიანზე უფრო მეტად სჭირდება,კარგად მსროლელი უკანახაზელი.თანაც უკვე ახლავე.
სოსო
21:20 27-11-2023
0
სიმართლე რომ ითქვას პატრონიმა მიხედა ქონდა ამის ძალა და მეგობრობა.
მათე ოთარი ხმელიძის გაზრდილია და არავინ მიიკეროს მაგ ზაზა ფაჩულიამ ჩვენ გავზარდეთო.რუსთავშია გაზრდილი და ოთარი ხმელიძის დამსახურებაა.
ბევრი კარგი ბავშვი იკარგება უპატრონობის გამო დავიწყოთ ამით.
ადამიანი
22:46 27-11-2023
1

სიახლეები პოპულარული