შერმადინი "ტენერიფეს" "ბასკონიას" დამარცხებაში დაეხმარა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის გუნდის შესანიშნავი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. "ლენოვო ტენერიფემ" ლიგა ენდესას 21-ე ტურში უშუალო კონკურენტსა და ცხრილში მეზობელ "ბასკონიას" უმასპინძლა. შეხვედრა ტენერიფელთა ბრწყინვალე გამარჯვებით – 95:78 დასრულდა, რაც ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაა.

საბოლოოდ გიორგი შერმადინზე მეტი ქულა ტენერიფელთაგან ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში 22 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი, ხოლო 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ სროლის უმაღლესმა პროცენტმა და დაკარგვის არქონამ განაპირობა ის, რომ შერმადინმა სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი
– 18 დააგროვა. მისი სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ტენერიფელთა ბომბარდირი მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 18 ქულა და 6 პასი დააგროვა. 13 ქულა ჰქონდა კაილი გაის.

12 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ესპანურ ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზეა და ასეთივე ბალანსი აქვთ ცხრილში ზედა და ქვედა მეზობლებს – "მურსიასა" და დღეს ძლეულ "ბასკონიას". შემდეგ ტურში, 10 თებერვალს, შერმადინის გუნდი სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის "სარაგოსას" შეხვდება, რომელმაც დღეს დაძაბულ ბრძოლაში – 63:61 დაამარცხა ბრეოგანი. ანდრონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მან ფეხი სარაგოსაში სადებიუტო მატჩში იტკინა და მას მერე, 2 კვირაა, მოედანზე აღარ გასულა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული