შენგელიას 17 ქულა ბოლონიელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ფინალში გასვლა გადაედო თორნიკე შენგელიას. მისმა "ვირტუს ბოლონიამ" ვენეციაში დაძაბულ ბრძოლაში – 73:78 წააგო მასპინძლებთან და სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. ბოლონიელებს რომ მოეგოთ, ფინალში გადიოდნენ, თუმცა "ვენეციამ" უძლიერესი მეორე ნახევარი ჩაატარა და შანსი შეინარჩუნა.

"ვირტუსმა" თამაში დამაჯერებლად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდი მესამე მეოთხედის შემდეგ (10:21), მასპინძლებს მატჩის ბედის მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება მაინც მისცა.

ქართველმა ფორვარდმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 17 ქულა, 2 მოხსნა და 2
პასი მიითვალა. შენგელია, რომელმაც ორივე სამქულიანი, 6-იდან 4 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი, პლუს-მინუს კოეფიციენტით კი მოედანზე სულაც საუკეთესო იყო – 25. თორნიკეს პასივში 5 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლია.

მასპინძელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ამერიკელმა ჯორდან პარკსმა შეიტანა, რომელმაც თამაში 19 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. გიგა ჯანელიძე "ვენეციას" განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია.

სერიის მეოთხე თამაში 31 მაისს, კვლავაც ვენეციაში გაიმართება. მეორე ნახევარფინალში კი "ოლიმპია მილანო" და "ბრეშა" იბრძვიან. ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ მილანელები სერიას 2:0-ს იგებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული