ესპანეთის ჩემპიონატში 10 დღის წინ წვიმის გამო გადადებული მატჩი ახლა ჩატარდა. გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" "ბრეოგანს" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 79:78 მოუგო. ეს მატჩი თავის დროზე იმის გამო შეწყდა, რომ დარბაზში წვიმა ჩამოვიდა და მისი გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ამჯერად მატჩმა ექსცესების გარეშე ჩაიარა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ტენერიფელებმა მოპოვებული ლიდერობ შეინარჩუნებს და ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება იზეიმეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 6 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა სამივე ორქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში, შერმადინი საკმაოდ სარგებლიანი იყო.
4 მოგებითა და 1 წაგებით ტენერიფელები ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. მათ ერთი მატჩიც აქვთ გადადებული, თუმცა გაცილებით მძიმე მიზეზით – ვალენსიაში მომხდარი ტრაგიკული წყალდიდობის გამო ამ ქალაქის გუნდთან "ტენერიფელთა" დაპირისპირება 15 ნოემბერს შედგება. მანამდე კი შერმადინის გუნდი ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნას" სტუმრად შეხვდება.
GBF