16 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის ორი მატჩი გაიმართა.
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სტუმრად "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 135:131 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.
აღსანიშნავია, რომ "კლიპერსმა" NBA-ს პლეი-ოფის ისტორიაში რეკორდული "ქამბექით" მოიგო. მატჩის მიმდინარეობისას სტუმრები 31-ქულიანი სხვაობით აგებდნენ.
"გოლდენ სტეიტს" პირველივე მეოთხედში ცენტრი დემარკუს კაზინსი დააკლდა. კაზინსმა ტრავმა პირველი მეოთხედის დარულებამდე 8:30 წუთით ადრე მიიღო, როცა ბურთის დაწევას ცდილობდა და პარკეტზე გასრიალდა.
დემარკუს კაზინსის ტრავმა კლიპერსთან მატჩში
მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7:31 წუთით ადრე "უორიორსის" უპირატესობა 31-ქულიანი გახდა
(94:63), თუმცა ამ სხვაობის შენარჩუნება მასპინძლებმა ვერ შეძლეს.
ეს "ქამბექი" NBA-ს პლეი-ოფის ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩნდა. აქამდე რეკორდი "ლეიკერსს" ეკუთვნოდა, რომელმაც 1989 წელს "სიეტლი" სერიის მეოთხე მატჩში 97:95 დაამარცხა. მაშინ "ლეიკერსი" მატჩის მიმდინარეობისას 12:41-ს აგებდა.
გარდა ამისა, მესამე მეოთხედში "კლიპერსის" მიერ დაგროვებული 44 ქულა ლოსანჯელესური კლუბის რეკორდია პლეი-ოფის მეოთხედში დაგროვებული ქულების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ "კლიპერსმა" მატჩის მეორე ნახევარი ანგარიშით 85:58 მოიგო.
"კლიპერსის" ახალწვეულმა ლენდრი შემეტმა მატჩის დასრულებამდე 15.9 წამით ადრე ზუსტი სამქულიანი შეასრულა. შემეტის სროლა გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
გოლდენ სტეიტი - კლიპერსი 131:135
"უორიორსის" მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ "კლიპერსი" სათანადოდ არ შეისწავლეს ან არ დააფასეს, რადგან ვინც რეგულარულ სეზონს უყურა, ეცოდინება, რომ "კლიპერსი" არასდროს ნებდება და მუდმივად ცდილობს, ითამაშოს.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 36 ქულა ლი უილისმა ჩააგდო, რასაც 11 პასი მიამატა. მონტრეზ ჰარელმა 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. დანილო გალინარიმ 24 ქულა ჩააგდო.
"უორიორსიდან" 29 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა. კევინ დურანტმა - 21, კევინ ლუნიმ - 19, ხოლო კლეი ტომპსონმა 17 ქულა ჩააგდო.
სერიის მესამე მატჩი ლოს-ანჯელესში 19 აპრილს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გაიმართება.
* * *
დღის მეორე მატჩში "ფილადელფიამ" შინ "ბრუკლინი" ანგარიშით 145:123 დაამარცხა.
ფილადელფია - ბრუკლინი 145:123
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ჯოელ ემბიდმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მიამატა. ბენ სიმონსმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 18 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა. ეს სიმონსისთვის მეორე სამმაგი დუბლია NBA-ს პლეი-ოფში. პირველი სამმაგი დუბლი მან გასულ სეზონში "მაიამისთან" გაიფორმა.
ბენ სიმონსის სამმაგი დუბლი ბრუკლინთან მატჩში
ამ გამარჯვებით "ფილადელფიამ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა. შემდეგი მატჩი ბრუკლინში 19 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გაიმართება.