დღეს, 3 ივნისს, დილით, NBA-ს სუპერფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. "ტორონტომ" საკუთარ პარკეტზე "გოლდენ სტეიტი" მიიღო და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:109 დამარცხდა.
შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, როგორც სათამაშო, ისე ანგარიშში უპირატესობა მუდმივად იცვლებოდა და დიდი სხვაობა თამაშის არცერთ მონაკვეთში არ ყოფილა.
თამაშის ბოლოს კალიფორნიელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა "ტორონტომ" 9:0-ზე გაქცევა მოაწყო და ანგარიში 2 ქულამდე შეამცირა. მატჩის დასრულებამდე წამით ადრე ანდრე იგუდალამ 3-ქულიანი ჩააგდო და "გოლდენ სტეიტს" გამარჯვება მოუტანა.
პარკეტზე საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო. კანადელთა ფორვარდმა 34 ქულა ჩააგდო და 14-ჯერ მოხსნა ბურთი. ფრედ ვანვლითმა 38 წუთში 17 ქულა მოაგროვა, კაილ ლაურიმ - 13 ქულა 28 წუთში. ყველაზე მეტი დრო პარკეტზე პასკალ სიაკამმა გაატარა, 41 წუთში მან 12 ქულა მიითვალა, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კალიფორნიელთა შემადგენლობაში საუკეთესო კლეი ტომპსონი გახლდათ. "გოლდენ სტეიტის" მცველმა 25 ქულა მოაგროვა. 23 ქულით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ. დემარკუს კაზინს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 11 ქულა და 10 მოხსნა. ხოლო დრეიმონ გრინს სამმაგ დუბლამდე 1 გადაცემა დააკლდა - 17 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი. ხოლო მატჩის ფაქტობრივმა გმირმა ანდრე იგუდალამ 8 ქულის, 8 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო.
3 ივნისი, ტორონტო, "სქოთიბენკ არენა"
ტორონტო-გოლდენ სტეიტი 104:109
(27:26, 32:28, 21:34, 24:21)სერიაში - 1:1
შემდეგი შეხვედრა ოკლენდში 6 ივნისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.