NBA. სუპერფინალი: დურანტი დაბრუნდა და ისევ ტრავმა მიიღო, "უორიორსმა" შანსი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 ივნისის დილით, NBA-ს სუპერფინალის მე-5 შეხვედრა გაიმართა.

"ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ პარკეტზე "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 1 ქულის სხვაობით, ანგარიშით 105:106 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ "უორიორსმა" სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 2:3.

მატჩის დამთავრებამდე 2:31 წუთით ადრე მასპინძლები 103:97-ს იგებდნენ, თუმცა, დაახლოებით, წუთ-ნახევრის პერიოდში კალიფორნიელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და შეხვედრის დამთავრებამდე 56,6 წამით ადრე 3 ქულით დაწინაურდნენ - 106:103.

ამის შემდეგ კანადელებმა 2 საჯარიმო ჩააგდეს, ანგარიში 105:106 გახდა. ბურთი "გოლდენ სტეიტის" იყო, თუმცა კაზინსი შეტევაში სქრინის
დაყენებისას დაჯარიმდა და "ტორონტოს" ჩემპიონობის მომტანი შეტევის შანსი მიეცა.

ბოლო წამზე ლეონარდი-ვანვლითი-ლოურის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა ტყორცნით, თუმცა game winner-ი არ გამოუვიდა და მატჩიც სტუმრებმა მოიგეს.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო სტეფ კარი იყო. NBA-ს ორგზის MVP-ის ანგარიშზე 31 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

26 ქულა ჩააგდო კლეი ტომპსონმა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვების მომტან გაქცევაში. დემარკუს კაზინსმა 20 წუთში 14 ქულა მოუტანა გუნდს. დრეიმონ გრინს 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 10 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი.

აღსანიშნავია, რომ პარკეტს კევინ დურანტი დაუბრუნდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ტრავმა მიიღო. მეორე მეოთხედის მე-10 წუთზე სერჟ იბაკასთან ორთაბრძოლის დროს მარჯვენა ფეხი იტკინა (ესპანელი არაფერ შუაში იყო). იქამდე კი კალიფორნიელთა ფორვარდმა მოედანზე 12 წუთი ითამაშა და ამ დროში გუნდს 11 ქულა შესძინა.

დამარცხებულთა შორის საუკეთესო იყო კავაი ლეონარდი, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 26 ქულა და 12 მოხსნა.

კაილ ლოურიმ 18 ქულა ჩააგდო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტყორცნა გააცუდა. მარკ გასოლს 17 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. ზემოხსენებულმა სერჟ იბაკამ 17 წუთი ითამაშა და ამ დროში 15 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. ფრედ ვანვლითს 11 ქულა ჰქონდა.

მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს, ოკლენდში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული