NBA-ს ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სტატია ვეტერანების როლის შესახებ გუნდში და ერთ-ერთი რესპონდენტი "ფილადელფიას" ცენტრი, "ყველა ვარსკვლავის" მატჩის 5-გზის მონაწილე ალ ჰორფორდი იყო, რომელიც თავის სადებიუტო წელზე საუბრისას ზაზა ფაჩულიას შეეხო.
"ზაზა ფაჩულია და მაიკ ბიბი იყვნენ ის კალათბურთელები, რომლებიც ყველაზე მეტად დამიდგნენ გვერდში დებიუტანტობის დროს. ენტონი ჯონსონიც დამეხმარა. ამ ბიჭებისაგან საწყის წლებში ძალიან ბევრი ვისწავლე.
ზაზა დიდი პროფესიონალი იყო, თავის თამაშს დიდ ყურადღებას აქცევდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მისი თამაშისთვის თვალის მიდევნებით, როგორც მოძრაობდა, როგორ მოქმედებდა პარკეტზე. მაიკ ბიბიმ უდიდესი
დახმარება გამიწია; მაძლევდა რჩევებს, როგორ მეთამაშა "პიკ ენ როლი", როდის მესროლა, რა გამეკეთებინა.
მე ძალიან გამიმართლა, ჩემ ირგვლივ ვეტერანები იყვნენ. ამან ჩემზე კარგი ზემოქმედება მოახდინა. მიდიხარ გუნდში და სწავლობ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი კალათბურთელი. ამ ბიჭებმა NBA-ში ბევრი სეზონი გაატარეს.
ყოველთვის არიან მოთამაშეები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, თუმცა NBA-ში დიდი ხანი რომ ითამაშო, მხოლოდ პოტენციალი საკმარისი არაა. პროფესიონალი უნდა იყო, კარგი თანაგუნდელი, სწორად უნდა მოიქცე. ახლა კი, როცა შანსი მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები ახალგაზრდებს", - განაცხადა ჰორფორდმა.