NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" საკუთარ პარკეტზე "მილოუკი ბაქსთან" გამართული შეხვედრა 3 ქულის სხვაობით დათმო - 134:137.
თუმცა აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ "ვაშინგტონის" გამთამაშებელმა ბრედლი ბილმა 55 ქულა ჩააგდო. ესეც არაფერი, უფრო განსაკუთრებული ის არის, რომ წინა ღამით ბილმა 53 ქულა "ჩიკაგო ბულზს" ჩაუგდო.
ამ მიღწევით ის კობი ბრაიანტის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრაში 50+ ქულა მოუპოვა გუნდს. ლეგენდარულმა კობიმ ეს 2007 წლის მარტში მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლიგის ისტორიაში ბილი მე-11 მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში 50+ ქულის მოპოვება შეძლო.
ბილის 55-მა ქულამ ბუნებრივად დაჩრდილა "მილოუკის" ფორვარდ კრის მიდლტონის 40 ქულა და წინა წლის MVP იანის ანტეტოკუმპოს 22 ქულას + 14 მოხსნა.
დღეს, 25 თებერვლის დილით, ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარა "ფილადელფიას" ცენტრმა ჯოელ ემბიდმა. 25 წლის კამერუნელმა "ატლანტასთან" ანგარიშით 129:112 მოგებულ შეხვედრაში 49 ქულა მოიპოვა და 14-ჯერ მოხსნა ბურთი.
სხვა შეხვედრები:
კლივლენდი - მაიამი 125:119
ბრუკლინი - ორლანდო 113:115
ჰიუსტონი - ნიუ იორკი 123:112
დალასი - მინესოტა 139:123
გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 111:131
კლიპერსი - მემფისი 124:97