2012 წლის 25 მარტს, ატლანტაში "სთეით ფერმ არენამ" NBA-ი ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც თავი ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გამოიჩინა.
შეხვედრა უნიკალური იმით იყო, გამარჯვებულის გამოსავლენად 4 ოვერტაიმი გახდა საჭირო და ეს 21-ე საუკუნეში პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა NBA-ს მატჩი 68 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ კიდევ 2 ასეთი თამაში ჩატარდა და ორივეში მონაწილეობას "ატლანტა ჰოუქსი" იღებდა.
NBA-ს ისტორიაში, დღეის მონაცემებით, მხოლოდ 10 შეხვედრაში ითამაშეს კალათბურთელებმა 4 ოვერტაიმი. რეკორდი 6 ოვერტაიმია, რომელიც ერთხელ, 1949 წელს დაფიქსირდა. 5 ოვერტაიმი კი ისტორიაში ორჯერ იყო, ბოლოს 1989 წელს.
რაც შეეხება 2012 წელს გამართულ თამაშს, "იუტა ჯაზის" კალათბურთელებს შეხვედრაში 4-ჯერ შეეძლოთ "გეიმ ვინერი" (მატჩის მომგები) ბურთის ჩაგდება, თუმცა სტუმრებმა 4-ვე შემთხვევაში არაზუსტად ისროლეს.
საბოლოოდ კი, გამარჯვება "ატლანტას" დარჩა და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 139:133.
ზაზა ფაჩულიამ ამ შეხვედრაში თავის გუნდს 15 ქულა, 20 მოხსნა და 3 ბლოკი მოუტანა. ჯორჯიელთა შორის ყველაზე მეტი ჯო ჯონსონმა ჩააგდო - 37 ქულა.
მომზადებულია sportingnews.com-ის მიხედვით