NBA-ს ამომავალი ვარსკვლავების ჯახი დონჩიჩმა მოიგო, მატჩი - "ფენიქსმა" [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 3 აგვისტოს, NBA-ს განახლებული სეზონის 6 მატჩი გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო ორი შეხვედრა გამოდგა - "ჰიუსტონმა" "მილოუკის" სძლია, ხოლო "ფენიქსმა" "დალასი" დაამარცხა.

რაც შეეხება პირველ მატჩს, "ჰიუსტონმა" მეტოქეს ბოლო წუთებზე აჯობა და 121:116 დაამარცხა. გამარჯვებულებს რასელ ვესტბრუქმა ულიდერა 31 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით. ჯეიმს ჰარდენს 24 ქულა, 7-7 მოხსნა და პასი ჰქონდა.

"მილოუკის" რიგებში კი საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო. NBA-ს გასული სეზონის უძვირფასესმა მოთამაშემ გუნდს 36 ქულა და 18 მოხსნა მოუტანა. ორმაგი დუბლით დაასრულეს შეხვედრა კრის მიდლტონმა და
ბრუკ ლოპესმაც - პირველს 27 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, მეორეს - 23 ქულა და 12 მოხსნა.

ასევე ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა "ფენიქსსა" და "დალასს" შორის. NBA-ს ამომავალი ვარსკვლავების ჯახში კი ლუკა დონჩიჩმა დევიდ ბუკერს აჯობა, თუმცა გამარჯვება მაინც "ფენიქსს" დარჩა - 117:115.


ლუკას ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა, სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა - 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 40! ქულა. ახალგაზრდა თანაგუნდელს მხარი ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა აუბა და არიზონელებს 30 ქულა ჩაუგდო. სეთ კარიმ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

"ფენიქსის" რიგებში კი საუკეთესო ბუკერი იყო, რომელმაც 30 ქულა მოუტანა გუნდს. დონჩიჩის მსგავსად, 3-მაგ დუბლთან არც ისე შორს იყო რიკი რუბიოც - 20 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა. ქემერონ ჯონსონმა კი ორმაგი დუბლით დაასრულა მატჩი - 20 ქულა და 12 მოხსნა.

სხვა მატჩების შედეგები:

ბრუკლინი - ვაშინგტონი 118:110

ბოსტონი - პორტლენდი 128:124

მემფისი - სან ანტონიო 106:108

ორლანდო - საკრამენტო 132:116





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული