ბუკერი, მორანტი და ლილარდი - ცხელი დასავლეთი NBA-ში? [ბლოგი]

AutoSharing Option
NBA-ს განახლებამდე ყველას, მათ შორის, მეც, გვეგონა, რომ დასავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს "მემფის გრიზლი" დაიკავებდა. იწერებოდა სტატიები "მემფისის" ამ წარმატებაზე და ამ ე.წ. წარმატების მთავარი შემოქმედი ჯა მორანტი ,,იმუქრებოდა", რომ არც მეტი, არც ნაკლები, თვით მეფეს, ლებრონ ჯეიმსსა და უძლიერეს ენტონი დევისს გამოაგდებდა პირველივე რაუნდიდან, მაგრამ განახლების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მათ ექვსიდან ხუთი წააგეს და მხოლოდ და მხოლოდ 1 მოიგეს!

როგორც ჩანს, ჯა სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა რესტარტს; ამას დამატებული ჯარენ ჯექსონ ჯუნიორის ტრავმა. საბოლოოდ რომ ვთქვათ, დათვები საკუთარ თავზე
იყვნენ დამოკიდებულები, ახლა კი მათთვის ყველაფერი მძიმედაა. ასევე, საკმაოდ ბევრი იწერებოდა, რომ ამ დრაფტზეც იგივე განმეორდებოდა, რაც 2003-ში. ლებრონს გადაეცემა საუკეთესო ახალწვეულის ჯილდო, მიუხედავად იმისა, რომ მან გუნდი ტოპ-8-ში ვერ გაიყვანა, ხოლო პლეი-ოფში გასული "დენვერის" ერთ-ერთი ლიდერი კარმელო ენტონი რჩება აღნიშნული ტიტულის გარეშე. რეალურად, "მემფისის" გასვლის შემთხვევაშიც კი ზაიონის ავტორიტეტის შემხედვარე არავის გაუკვირდებოდა, განმეორებულიყო იგივე და გადაეცათ ტიტული მისთვის და არა ჯასთვის. არადა, ეს საკმაოდ საინტერესო იქნებოდა.

შესავალში მოგახსენეთ კორონავირუსის გავრცელებამდე არსებული სიტუაცია პლეი-ოფთან დაკავშირებით. ახლა კი დროა ვისაუბროთ 2 გუნდზე, რომლებიც აფეთქდნენ, ხოლო ბოლოს და ბოლოს მათი ლიდერების რეალური ძალა ვიხილეთ. ეს გუნდებია: "პორტლენდი" და "ფინიქსი". დემიენ ლილარდი - დევინ ბუკერის წინააღმდეგ.
"პორტლენდი" შესანიშნავ ფორმაშია, დაუბრუნდნენ გუნდის ძირითადი ცენტრი ნურკიჩი და ზაკ კოლინსი, კარმელოც ნელ-ნელა ფორმაში შედის და ყველა ბედნიერად ვუყურებთ მის თითოეულ კარგ მატჩს; საგრძნობლად მოუმატა ტრენტ ჯუნიორმა, ხოლო მაკკალუმი და ვაითსაიდი ისედაც კარგ სეზონს ატარებდნენ.

ლილარდზე ცალკე უნდა ვისაუბროთ, ეს ბიჭი არ არის ამ ქვეყნიდან. როდესაც მისდის თამაში, უბრალოდ წინ ვერ აღუდგები. მისცემ სივრცეს? ჩაგიგდებს ლოგოდან; აიყვან ხისტი პერსონალური დაცვით? სისწრაფეში გაჯობებს. დღეს გამთენიისას "დალასს" 134:131 მოუგეს, სადაც მის ანგარიშზე 61 ქულა, 61!!! და 9 ზუსტი სამქულიანი იყო. უბრალოდ გენიალურ თამაშებს გვაჩვენებს და გუნდს დაკისრებული მისიისკენ მიუძღვება, აღსანიშნავია კიდევ ერთხელ კარმელოს ჩინებული მატჩები და ჩაგდებული ქლაჩ სროლები. "პორტლენდის" შემდეგი გაჩერება "ბრუკლინია" და მათთან გამარჯვების შემთხვევაში მიიღებენ პლეი-ოფის საგზურს. "ბრუკლინს" იმდენი მოთამაშე აკლია, არ მგონია, წინააღმდეგობა გაუწიონ მოტივირებულ ლილარდს და ბიჭებს.

ხოლო თავის მხრივ დევინ ბუკერი და "ფინიქსიც" საოცარ მატჩებს ატარებენ. განახლების შემდეგ მათ წაგება არ აქვთ და დევინიც, ლილარდის მსგავსად, საოცარ მატჩებს ატარებს. დღეს "ფინიქსს" საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს. ბუკერი აგროვებს და აგროვებს 30 + ქულიან მატჩებს და მიუძღვის წინ გამარჯვებისკენ. გამთენიისას სრულიად უმოტივაციო  "ფილადელფიას" 130:117 მოუგეს, რომელსაც სიმონსი გამოაკლდა პლეი-ოფამდე. ბუკერის ანგარიშზე 35 ქულა გახლდათ. მომდევნო მეტოქე "დალასია". მათდა სამწუხაროდ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უწევთ "მავერიქსთან" ("პორტლენდს" ბევრად  გაუმართლა), სადაც დონჩიჩი, პორზინგისი და სხვები არ აპირებენ არაფრის დათმობას. ვნახოთ, შესწევთ დევინსა და სანსს, გაიმარჯვონ მიჯრით მეშვიდე შეხვედრაშიც თუ წააგონ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი? სიმართლე გითხრათ, მგონია, სადღაც გატყდება ეს გუნდი, მაგრამ იმედია, ჩემი ინტუიცია ცდება, ბუკერი იმსახურებს პლეი-ოფს.

"მემფისის" უკანასკნელი მეტოქე კი "მილუოკია". ეს გუნდი ტიტულის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ამას დამატებული გიანისის ფაქტორი, რომელიც "ვაშინგტონთან" მეორე მეოთხედში გაძევების გამო ზემოტივირებული იქნება. ვნახოთ, წარმატებები ჯას და დათვებს, მაგრამ მათი შანსი მიზერულია. ჩემი აზრით, ფავორიტი გუნდი "პორტლენდი" თავისი გამოცდილებით, სკამის სიღრმითა და ვარსკვლავებითაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთდაწერილი, ჩემი მოსაზრებაა და მოვლენების განვითარება, შესაძლოა, სულ სხვანაირად ვიხილოთ.

P.S. წარმოიდგინეთ, ბოლო ტურში ერთმანეთს "პორტლენდი" და "ფინიქსი" რომ ხვდებოდნენ, რა ბრძოლა იქნებოდა... მაგრამ არა უშავს, ბრძოლას ვიხილავთ ახლაც და პლეი-ოფშიც, სადაც წამით მოდუნებამ შეიძლება მარცხი გამოიწვიოს.

სტატია მომზადებულია გიორგი ღვინიაშვილის მიერ