NBA: პლეი-ოფები დონჩიჩისა და მიჩელის ფენომენალური რეკორდებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მიმდინარე სეზონის პლეი-ოფის ეტაპი შთამბეჭდავი რეკორდებით დაიწყო და თავი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოიჩინეს.

პირველმა რეკორდი "იუტა ჯაზის" მცველმა დონოვან მიჩელმა დაამყარა, რომელმაც "დენვერთან" წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. ახალგაზრდა კალათბურთელს 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. დონოვანი გახდა NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში წაგებული გუნდის საუკეთესო მექულე. მასზე მეტი წაგებულ მატჩში აქამდე არავის ჩაუგდია.

გარდა ამისა, 23 წლის მიჩელმა NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა - მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს
(61) ჩაუგდიათ. NBA-ს პლეი-ოფში 57 და მეტი ქულა მის ასაკში მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩაუგდია. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის სტადიაზე 50+ ქულა 2003 წლის შემდეგ არავის ჩაუგდია - მაშინ ეს ლეგენდარულმა ალან აივერსონმა გააკეთა.


გამთენიისას და კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა - ლუკა დონჩიჩმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ გუნდს 42 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ლუკამ NBA-ს პლეი-ოფის სადებიუტო მატჩში მოპოვებული ქულების რეკორდი დაამყარა. მასზე მეტი არავის ჩაუგდია, არც 40 ქულამდე ასულა ვინმე.

გარდა ამისა, "დალას მავერიქსის" გამთამაშებელი NBA-ს ისტორიაში ასაკით მე-3 კალათბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი ჩააგდო. მასზე უფრო ახალგაზრდები მხოლოდ მეჯიქ ჯონსონი (20 წლისა და 276 დღის) და ლებრონ ჯეიმსი (ორჯერ: პირველად 21 წლისა და 119 დღის ასაკში, მეორედ 21 დღისა და 124 დღის ასაკში) იყვნენ.


დარჩენილ 2 შეხვედრაში "ტორონტო რეპტორსმა" "ბრუკლინ ნეთს" მოუგო - 134:110; ხოლო "ბოსტონმა" "ფილადელფიას" 8 ქულით აჯობა - 109:101.

გოგა ბითაძის "ინდიანა" პლეი-ოფის პირველ მატჩს "მაიამის" წინააღმდეგ დღეს, ღამის 00:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ღვინოს წყალი რომ გავურიოთ, ისიც უნდა ითქვას, რომ 11 დაკარგვა(ც) ქონდა
გიორგი
15:11 18-08-2020
0

სიახლეები პოპულარული