რა ჯანდაბა ხდებოდა გუშინდელ პლეი-ოფში?! NBA მოულოდნელობით სავსეა

AutoSharing Option
დაიწყო მისი უდიდებულესობა პლეი-ოფი. ორლანდოში ნელ-ნელა ტემპერატურა იმატებს. გამთენიისას დასრულდა პირველი წრე როგორც დასავლეთის, ასევე, აღმოსავლეთის მხრიდან. იყო ლოგიკური და ამასთან ერთად, სენსაციური შედეგებიც. დავიწყოთ მატჩების განხილვა.

"დენვერი" - "იუტა"


ამ სერიაში ყველა ელოდება ბრძოლას და, ალბათ, ლოგიკას აცდენილი არაა, რომ ვფიქრობ, ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში 7 თამაში იქნება, სადაც სწორედ ბოლო შეხვედრაში გამოვლინდება გამარჯვებული. "დენვერის" რიგებში გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ,  რა თქმა უნდა, მათი 2 ლიდერი - ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი. ნიკოლას ანგარიშზე იყო 29 ქულა, 10 მოხსნა, 3 გადაცემა,
ხოლო მატჩის გმირ (გუნდის გამარჯვების გამო) ჯამალ მარის ანგარიშზე გახლდათ 36 ქულა, 5 მოხსნა, 9 გადაცემა. "იუტას" მხრიდან მიტჩელმა გაააქტიურა პლეი-ოფ ვერსია, 43.14 წუთში ჩაგდებული 57 ქულა, 9 მოხსნა, 7 გადაცემა და დასანანი მარცხი.

დონოვანმა შეძლო და გახდა მოთამაშე, რომელმაც "იუტას" რიგებში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო, ხოლო პლეი-ოფში ჩაგდებული ქულებით მესამეზე გადაინაცვლა. ეს ბიჭი უბრალოდ სასწაულია და რეალურად შესწევს ძალა, გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვეს. მას აქვს გამარჯვებულის სულისკვეთება და იმედი მაქვს, გვაჩუქებენ ისეთივე დაძაბულ სერიას, როგორიც ეს თამაში იყო. ძირითადი დრო 115:115 დასრულდა. ოვერტაიმში "დენვერი" ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ "ჯაზი" 135:125 დაამარცხეს.

"ტორონტო" - "ბრუკლინი"


აღმოსავლეთის კონფერენციიდან პირველი საქმეში გასული სეზონის ჩემპიონი "ბრუკლინის" წინააღმდეგ ჩაერთო. ჩემი აზრით, კანადური გუნდი გამოკვეთილი ფავორიტია ამ წყვილში და სავარაუდოდ, სერიას მშრალად, 4:0 დახურავენ. კანადელები თამაშობენ საოცარ დაცვას, რაც კიდევ უფრო რეალური ხდება, რომ აღმოსავლეთის მხრიდან სწორედ ისინი იყვნენ კვლავ სუპერფინალში წარმოდგენილნი.

"ბრუკლინის" შემადგენლობიდან ყველაზე საშიში მოთამაშე კარის ლევერტია, რომელზეც "ტორონტომ" სასწაული დაცვა ითამაშა. სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ისრებითაა აღნიშნული, თუ როგორ აზღვევდნენ ერთმანეთს კანადელები, დაზღვევის დროს კი სივრცე ეკეტებოდა, რომ თვითონ დაესრულებინა შეტევა, რამაც შედეგი გამოიღო, მაგრამ ლევერტის ანგარიშზე მაინც ნორმალური მატჩი გამოვიდა.

კარისის ანგარიშზე გახდათ 15 ქულა, 7 მოხსნა, 15 გადაცემა. "ბრუკლინის" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი კაბარო იყო 26 ქულით. ასევე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა თავის მხრივ ჰარისმა, თავისი 3 ჩაგდებული სამქულიანით. "ტორონტოს" მხრიდან ყველაზე შედეგიანი გახლდათ ფრედ ვანვლიტი 30 ქულით, 11 გადაცემით ( 8/10 სამქულიანი). კაილ ლოურის ანგარიშზე გახლდათ 16 ქულა, 7 მოხსნა, 6 გადაცემა. პასკალი თავისთვის მოკრძალებული ციფრებით შემოიფარგლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისთვის  - 18 ქულა, 11 მოხსნა. კანადელების დაცვა და გუნდურობა ძალიან დიდ უპირატესობას ქმნის მოედანზე, რის შედეგადაც, ვფიქრობ, 4:0 დახურავენ აღნიშნულ სერიას. პირველი შეხვედრა დასრულდა 134:110,  "ტორონტოს" გამარჯვებით.

"ბოსტონი" - "ფილადელფია"


რომ არა ბენ სიმონსის ტრავმა, ფავორიტის გამოცხადება გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ "ბოსტონი" აშკარად ფავორიტია თავისი ახალგაზრდა ბიჭებით. შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან ჯეისონ ტატუმი და ჯეილენ ბრაუნი. ტატუმის ანგარიშზე გახლდათ 32 ქულა, 13 მოხსნა, 3 ბლოკშოტი, ხოლო ბრაუნის - 29 ქულა, 6 მოხსნა, 4 გადაცემა, 3 ჩაჭრა. "ფილადელფიის" მხრიდან გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, ჯოელ ემბიდი 26 ქულითა და 16 მოხსნით. ჩემი აზრით, "ფილას" და კონკრეტულად ჯოელს არ შესწევთ ძალა, დაამარცხონ "სელტიქსი".

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არა ბენის ტრავმა, აქ ორივე გუნდს თანაბარი შანსი ექნებოდა და ის ტაქტიკა, რაც ბრეტ ბრაუნმა შეიმუშავა (მილტონის გამთამაშებელზე დაყენება და სიმონსის გადაყვანა მძიმე ფორვარის პოზიციაზე), მათ თამაშს კიდევ უფრო ააჩქარებდა და შეძლებდნენ კელტებს თამაშის სისწრაფეში აყოლას. ამას დამატებული, მაღლებს შორის სხვაობა - ემბიდი და ჰორფორდი ტაისსა და კანტერზე გაცილებით შედეგიანი და კონკურენტუნარიანი მაღლები არიან. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ "ფილას" ახლა არ შესწევს ძალა, ასეთ "ბოსტონს" გაუწიოს წინააღმდეგობა. ჩემი აზრით, ამ სერიის მაქსიმუმი შედეგი 4:1 იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კელტების ერთ-ერთმა ლიდერმა ჰეივარდმა კვლავ ტრავმა მიიღო და გუნდს 1 თვით გამოაკლდება.

პირველი შეხვედრის ანგარიში კი ასეთია - 109:101.

"კლიპერსი" - "დალასი"


და პირველი დღის უკანასკნელ შეხვედრაში "კლიპერსი" "დალასს" დაუპირისპირდა. როგორი აფიშაც იყო, ზუსტად ისეთი მატჩი გამოვიდა. "კლიპერსი" ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ჯორჯმა და კავაიმ კარგად დაიწყეს, კომბინირებულად 56 ქულა ჩააგდეს (29 კავაიმ და 27 ჯორჯმა). სკამის სიღრმით კი "კლიპერსი" საუკეთესო გუნდია წელს, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მისცეს მათ ჩემპიონობის შესაძლებლობას. "დალასის" მხრიდან ლუკამ უბრალოდ დაგლიჯა, ჩაგდებული 42 ქულით, ის გახდა მე-4 მოთამაშე, რომელმაც 21 წლამდე პლეი-ოფში ჩააგდო 40 ან მეტი ქულა (აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი საპლეიოფო თამაში იყო). მისი წინამორბედები იყვნენ ლებრონი (2-ჯერ), მეჯიქ ჯონსონი და ტრეისი მაკგრეიდი. კრისტაპსი არასრული 20 წუთის შემდეგ მორისთან შეკამათების შემდეგ უკვე ზედმეტი საუბრისთვის გააძევეს. არადა, სწორედ ის სჭირდებოდა ლუკას გვერდით, რომ ეს შეხვედრა წამოეღო. "კლიპერსმა" იმარჯვა 118:110 და სერიაში დაწინაურდნენ. ვფიქრობ, "კლიპერსი" კლასის, გამოცდილების, გუნდის სიღრმის ხარჯზე გაიმარჯვებს, მაგრამ "დალასი" არ დანებდება და გაუწევს ღირსეულ წინააღმდეგობას. ვფიქრობ, 4:2 ეს სერია "კლიპერსის" სასარგებლოდ დასრულდება.


"მილუოკი" - "ორლანდო"


პლეი-ოფის მეორე  სათამაშო დღე სენსაციით დაიწყო. ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "მილოუკი" "ორლანდოსთან" დამარცხდა. ვერ მოუძებნეს გასაღები ნიკოლა ვუჩევიჩს, რომლის ანგარიშზე 35 ქულა, 14 მოხსნა, 4 გადაცემაა. ტერენს როსიც სკამიდან შთამბეჭდავად შემოვიდა თავისი 18 ქულითა და 6 მოხსნით. დამატებული ამას "ორლანდოს" ძალიან გუნდური თამაში და მივიღეთ პირველი ყველაზე დიდი სენსაცია. სეზონის მოქმედი mvp ღირსეულად წარდგა თავისი 31 ქულით, 17 მოხსნით და 7 გადაცემით, მაგრამ გუნდმა ვერ ითამაშა თვითონ, არ წაუვიდათ სროლები. აღსანიშნავია 64.3% საჯარიმო სროლები.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს სერია, შესწევს ძალა "ორლანდოს", დაამარცხოს ბერძენი გამანადგურებელი და მისი ამალა თუ ეს უბრალოდ "მილუოკის" ცუდი თამაშის ხარჯზე მოხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ "ორლანდომ" დაამარცხა პირველ შეხვედრაში "ტორონტო", შემდგომ კი ვიცით, რაც მოხდა. რატომაც არა, იქნებ გახდეს "ორლანდო" გუნდი, რომელიც თუ პლეი-ოფში მოიგებს პირველ მატჩს, შენ გახდები ჩემპიონი, როგორც პატრიკ მაკკაუზეა, 3 ბეჭედი უკვე 3 წელში. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ვფიქრობ, "მილუოკი" აღარ წააგებს მეტ მატჩს "ორლანდოსთან" და 4:1 დასრულდება ეს სერია. პირველი შეხვედრის ანგარიში კი გახლავთ 122:110 "ორლანდოს" გამარჯვებით.


ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება მიდის "მაიამისა" და "ინდიანას" შორის. ტიჯეი ვარენისა და ჯიმი ბატლერის დუელი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აღნიშნულ სერიას. "ინდიანას" თავისი ლიდერი საბონისი აკლია. ასევე, ოლადიპოს 8 წუთის შემდეგ აღარ უთამაშია. "ინდიანას" მხრიდან 22-22 ქულა ჩააგდეს ვარენმა და ბროგდონმა. მათ გარდა არავის ჰქონია 20-თან მიახლოებული ქულაც კი. ხოლო "მაიამიდან" დრაგიჩმა 24 (ბოლო მეოთხედში 14) და ბატლერმა 28 ქულა (ბოლო მეოთხედში 10) ჩააგდეს, ადებაიომ სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა - 17 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა. ვფიქრობ, "მაიამი" ფავორიტია, რაც უნდა კარგი გუნდი იყოს "ინდიანა", და აღნიშნულ სერიაში ისინი გაიმარჯვებენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მაკმილანი არ აძლევს შანსს გოგას. "მაიამიმ" აღნიშნული შეხვედრა 113:101 მოიგო და სერიაში დაწინაურდა. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს სერია 6 მატჩში დაიხურება და "მაიამი" 4:2-ს მოიგებს.

"ჰიუსტონი" - "ოკლაჰომა"


ერთ-ერთი ფავორიტი "ჰიუსტონი" საქმეში "ოკლაჰომასთან" მატჩით ჩაერთო. რასი აკლდა "ჰიუსტონს" და მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ კრის პოლი ითამაშებდა პირველ მატჩს, "ოკლაჰომა" ჩაითვალა ფავორიტად, მაგრამ ჯეიმს ჰარდენმა პლეი-ოფშიც რუტინული მატჩი ჩაატარა. ზოგადად, "ჰიუსტონს" თავისი თამაში წაუვიდა, "ოკლაჰომას" კი არაფერი გამოსდიოდა. ერთადერთი დანილო გალინარი უწევდა წინააღმდეგობას (29 ქულა, 3 მოხსნა, 3 გადაცემა) მთელი მატჩის განმავლობაში. თითქოს არ ჩანდა პოლი, მაგრამ 1 გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მის ანგარიშზე გახლდათ 20 ქულა, 10 მოხსნა, 9 გადაცემა. "ჰიუსტონის" მხრიდან, რა თქმა უნდა, ჰარდენი იყო გამორჩეული თავისი 37 ქულით, 11 მოხსნითა და 3 გადაცემით, რომელსაც გორდონი და ჯეფ გრინი აჰყვნენ (21 და 22 ქულით) და პირველ მატჩში "თანდერი" დაამარცხეს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, რასელის დაბრუნების შემდეგ "ჰიუსტონი" კიდევ უფრო სწრაფი და მოძრავი გახდება. "ოკლაჰომას" არ შესწევს ძალა, რომ თამაშში აჰყვეს. ამიტომაც მათ უნდა გამოიყენონ მაღლების კოზირი, თუ არადა, უშანსოდ წააგებენ. დღეს უჭირდათ შეტევა, შროდერისა და შაის საშინელი თამაში და გუნდს არაფერი გამოუვიდა. აღსანიშნავია "ჰიუსტონის" ეფექტური დაცვა, რომლის მთავარი ბურჯებიც კოვინგტონი და ტაკერი გახლდნენ. ძალიან მაგარი თამაში "რაკეტების" და სწორედ ამ თამაშით შეახსენეს, რომ მათი ჩამოწერა არ შეიძლება. "რაკეტებმა" 123:108 გაიმარჯვეს და სერიაში დაწინაურდნენ. ჩემი აზრით, "ჰიუსტონი" 4:1 გაიმარჯვებს, მით უმეტეს, რასელის დაბრუნების შემდეგ ჰარდენზე გადასული დამზღვევის გამო სივრცეები გაიხსნება და მით მეტად შედეგიანი თამაში ექნება, ხოლო თუ დამზღვევს არ დაუყენებ ჯეიმსს, ის მარტივად ჩაგიგდებს 40+ ქულას. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ჩემგან უპირატესობა "ჰიუსტონს".

"ლეიკერსი" - "პორტლენდი"


მეორე დღის ბოლო დაპირისპირება "ლეიკერსსა" და "პორტლენდს" შორის გაიმართა. აქ ყველა "ლეიკერსის" 4:0-ს ელოდა, მაგრამ სასტიკად  არ ვეთანხმებოდი მათ. "პორტლენდი" ძალიან მაგარ ფორმაშია, ხოლო "ლეიკერსიდან", დევისისა და ლებრონის გარდა, არავინ ბრწყინავს. აღსანიშნავია ტერი სკოტის სწორი ტაქტიკა, სადაც ნურკიჩი-ვაითსაიდის დუეტი დაუყენა დევისს და შეძლებისდაგვარად შეზღუდა. ასევე, ლებრონის ძალიან კარგი მატჩი, მაგრამ ამ ორის გარდა, ფაქტობრივად, არავინ თამაშობდა. ამ დროს "პორტლენდი" აფეთქებულია - ისეთ ფორმაშია.

ლებრონის ანგარიშზე 23 ქულა, 17 მოხსნა და 16 გადაცემა გახლდათ, ხოლო დევისის - 28 ქულა და 11 მოხსნა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დუეტმა 51 ქულა ჩააგდო, ხოლო დანარჩენმა გუნდმა - 42! "პორტლენდიდან", რა თქმა უნდა, ლილარდმა ჩაატარა სასწაული მატჩი თავისი 34 ქულით, 5 მოხსნითა და 5 გადაცემით. თვითონ ძირითადმა დაგლიჯა ამ მატჩში, 100 ქულიდან 84 მათ ჩააგდეს. ჩემთვის გაუგებარია ფრანკ ვოგელის გადაწყვეტილება ვეიტერსის და ჯეიარის გამო, რადგან არ მისცა არცერთს სათამაშო დრო, მაშინ, როცა გრინმა და პოუპმა ძალიან ცუდი მატჩები ჩაატარეს. აქედან გამომდინარე, "ლეიკერსს" არ ჰყავდა მსროლელები. საპასუხოდ, "პორტლენდი" პერიმეტრიდან ეფექტურად ისვრის.

ერთადერთი, რაც "ლეიკერსს" ახლა გადაარჩენს, არის მეფისა და ეი დის აფეთქება. თუ დევისი ნურკიჩსა და ვაითასაიდს ვერ დაჩაგრავს, მაშინ ისინი გამოეთიშებიან, რადგან პერიმეტრიდან მათ მეტოქეს ვერ აჯობებენ, მაგრამ როგორია აჯობო ნურკიჩს და სასწაულ დამცველ ჰასანს? შეიძლება თქვენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, "პორტლენდი" დაამარცხებს "ლეიკერსს", თუ თავის კოზირებს გამოიყენებს.

პირველი მატჩის შედეგი გახლდათ 100:93 "პორტლენდის" სასარგებლოდ. ვფიქრობ, 4:2 დაამარცხებს "ტრეილბლეიზერსი", რადგან ეს მათი სრული შემადგენლობაა და ისინი უკვე ძალიან ძლიერები არიან. ბარკლის სიტყვებს: "ტრეილბლეიზერსი" სერიას 4:0 მოიგებს",  დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ვნახოთ, იქნებადა სიმართლეა. დიდი პატივისცემა მეფეს, მაგრამ ვფიქრობ, აქ ფავორიტი ლილარდი და "პორტლენდია", სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი აზრი. შესაძლოა ეს სულაც არ გამართლდეს.

მომზადებულია გიორგი ღვინიაშვილის მიერ

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას იტყოდით ამ სამიდან რომელია საუკეთესო კალათბურთელი (ჯერი ვესტი) (მოზეს მელოუნი) ( ალან აივერსონი)
ლიქსო საუ
23:13 01-11-2020
0
მე ძველ კალათბურთში ვარ ჩარჩენილი, იუტას ჯაზში კარლ მალოუნი და ჯონ სტოქტონი რომ თამაშობდნენ და პორტლანდში კიდევ კლაიდ ზი გლაიდ დრექსლერი... და რა თქმა უნდა, მ.ჯ. აი, ეგ იყო კალათბურთი :D :D :D
nanka2002
23:21 19-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული