NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები

AutoSharing Option
#ისტორია

სუპერგუნდები - ბოლო წლების, ალბათ, ყველაზე პოპულარული ფრაზა გუნდების დასახასიათებლად. ამ პოსტში გავიხსენოთ რამდენიმე სუპერგუნდი, რომელიც თითქმის შეიქმნა.

• ტიმ დანკანი, ტრეისი მაკგრეიდი და გრანტ ჰილი - ორლანდო მეჯიქი.
2000 წლის ზაფხულში ტიმი თავისუფალი აგენტი იყო. მას ორი არჩევანი ჰქონდა, დარჩენილიყო სან ანტონიო სპერსში, ან წასულიყო ფლორიდაში სათამაშოდ. დანკანი ძალიან ახლოს იყო ორლანდოსთან, ერთ-ერთ შეხვედრაზე მან დოკ რივერსს (მეჯიქის იმჟამინდელ მთავარ მწრთნელს) ჰკითხა, შეეძლო თუ არა გუნდის თვითმფრინავით გასვლით თამაშებზე ოჯახის წევრების წაყვანა. ალბათ, ხვდებით, რა უპასუხა რივერსმა. ტიმი
სპერსში დარჩა და ტექსასში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა შექმნა.

• კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი და პაუ გასოლი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი.
2007 წლის ზაფხულში კევინ გარნეტზე ტაციობა იყო. მას აღარ სურდა მინესოტაში თიმბერვულვსში დარჩენა. ლეიკერსს, როგორც სხვა დანარჩენ გუნდებს, ძალიან სურდათ ქეიჯი საკუთარ რიგებში. მათ ოფიციალურად შესთავაზეს ლამარ ოდომი, ენდრიუ ბაინამი და პირველი რაუნდის რამდენიმე პიკი თიმბერვულსს. ჯერი ბასს და გლენ ტეილორს (მინესოტას მფლობელი) სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ გუნდის გენერალურ მენეჯერს, კევინ მაქჰეილს, ორი არჩევანი ჰქონდა, ლეიკერსი და ბოსტონ სელტიქსი. მან სელტიქსი აირჩია. ამავე სეზონში, ლეიკერსმა პაუ გასოლი მოიყვანა გუნდში.

• ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და დერიკ როუზი - ჩიკაგო ბულსი
2010-11 წლის სეზონის წინ ლებრონი და უეიდი ცდილობდნენ გუნდის პოვნას, სადაც გაერთიანებას შეძლებდნენ. საკმაოდ ახლოს იყვნენ ჩიკაგოსთან. მოსწონდათ ბულსის ახალგაზრდა შემადგენლობა და სიღრმე. როუზთან ერთად მათ ახალგაზრდა ჟოაკიმ ნოა და ლუოლ დენგი ხვდებოდათ გუნდში. მაგრამ პატ რაილიმ, ბოლო წამს,  შეძლო კრის ბოშის დათანხმება, რამაც მთლიანად შეცვალა სიტუაცია.

• შაქილ ონილი, დირკ ნოვიცკი და სტივ ნეში - დალას მავერიქსი
2004 წლის ფინალების წაგების შემდეგ, აშკარა იყო, რომ კობის და შაქის ერთ გუნდში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. გუნდმა კობიზე გააკეთა აქცენტი. შაკის დამატება დალას მავერიქსს სურდა, თუმცა, ლეიკერსი ვერ დაითანხმეს. დალასი ონილს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ისინი დირკს დათმობდნენ. მარკ კუბანმა ამაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა. შაქი მაიამიში აღმოჩნდა, დალასმა კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სტივ ნეშიც დაკარგა.

• კობი ბრაინტი, კრის პოლი და დუაით ჰოვარდი - ლოს ანჯელეს ლეიკერსი.
კრის პოლის და ლეიკერსის არშემდგარი ურთიერთობის შესახებ, ალბათ, ყველამ ყველაფერი იცით. ლეიკერსს პაუს და ოდომის დათმობა უწევდა, სანაცვლოდ კი, იმ დროისთვის საუკეთესო პირველი ნომერი მოჰყავდათ გუნდში. ამავდროულად, კლუბი დუაით ჰოვარდის ტრეიდზე მუშაობდა და საკმაოდ ახლოსაც იყვნენ მის დამატებასთან.  არ დაგვავიწყდეს, ეს არის ტრავმამდე დუაითი, რომელსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა ნათამაშები. პოლის ჩაშლილი გაცვლის შემდეგ, გუნდმა დუაითზეც შეწყვიტა მუშაობა. საბოლოოდ, 1 წლის შემდეგ, ჰოვარდი მაინც აღმოჩნდა ლოს ანჯელესში, კრის პოლმა კი, კლიპერსში ამოყო თავი.

• მაიკლ ჯორდანი, ჰაკიმ ოლაჯუვონი და კლაიდ დრექსლერი - ჰიუსტონ როქეთსი.
1984 წელს, პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა ჰიუსტონს დრექსლერი და ამავე წლის პირველი რაუნდის მეორე პიკი შესთავაზა რალფ სემფსონის სანაცვლოდ. როქეთსს, უკვე, ჰქონდა პირველი პიკი, რომელიც ჰაკიმის ასაყვანად გამოიყენეს, მეორე პიკით, დიდი ალბათობით, მაიკლ ჯორდანს აიყვანდნენ. სამი ახალგაზრდა, რომელთაც ჰქონდათ შანსი, რომ მთელი კარიერა ერთად ეთამაშათ. მაგრამ ტექსასელებმა რალფი აირჩიეს. მათ საკმაოდ მოსწონდათ ორი დომინანტი მაღლის იდეა, რამაც, გარკვეულწილად, გაამართლა (1986 წელს ფინალები ითამაშეს). საბოლოო ჯამში, სემფსონმა, ტრავმების გამო, შესაძლებლობების, ალბათ, 40% -იც ვერ აჩვენა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული