"ლოს ანჯელეს კლიპერსის" წარუმატებლობის მიზეზები

AutoSharing Option
#Bean

"ლოს ანჯელეს კლიპერსისთვის" სეზონი საკმაოდ მალე დასრულდა. რა თქმა უნდა, "დენვერ ნაგეთსთან" სერიაში გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "კლიპერსის" პრობლემები "დენვერთან" სერიამდე ბევრად ადრე დაიწყო. დღევანდელი ბლოგი  სწორედ ამ პრობლემებზე იქნება. რა იყო "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფიასკოს მთავარი მიზეზი(ები)?

• დოკ რივერსი.
ჩემი აზრით, მაიკ დანტონისთან ერთად, ის არის ყველაზე გადაფასებული მწვრთნელი ლიგაში. სპეციალისტი, რომელსაც ძალიან უჭირს თამაშის დროს ტაქტიკის შეცვლა, რამაც, რეალურად, გუნდს უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ვფიქრობ, მას კარიერაში მხოლოდ ერთი წარმატებული პლეი-ოფი აქვს ჩატარებული -
შარშან "გოლდენ-სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ. საჩემპიონო სეზონშიც კი მისმა გუნდმა გაიარა ბეწვის ხიდზე, როცა ძალიან დიდი ფავორიტები იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რივერსზე მეტი სერია, 3:1-დან, არც ერთ მწვრთნელს არ წაუგია. შეგახსენებთ, დოკი არის პერსონა, რომელმაც უარი თქვა პრაიმ ტიმ დანკანის და პრაიმ ტრეისი მაკგრეიდის დუეტზე მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდა ტიმის ოჯახის წევრების ხილვა გუნდის თვითმფრინავში.

ის არის კარგი მოტივატორი და ლიდერი, მაგრამ არ არის არც ფრენკ ვოგელი, არც - ბრედ სტივენსი და არც ერიკ სპოელსტრა, რომლებიც ჭადრაკს თამაშობენ მიმდინარე პლეი-ოფში. ვფიქრობ, ზუსტად ტაქტიკოსი მწვრთნელი აკლია ამ გუნდს თავისი მაქსიმუმის მისაღწევად.

• პლეიმეიქერის არყოლა.
პატრიკ ბევერლი და ლუ უილიამსი არ არიან პლეიმეიქერები და ვერც იქნებიან. არც კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი არიან ლებრონ ჯეიმსი და ნიკოლა იოკიჩი. მათი მთელი თამაში იზოლაციასა და იმპროვიზაციაზე იყო აგებული. შედეგიანი გადაცემების საშუალო რაოდენობით, გუნდი ოცეულს მიღმაა. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა დოკ რივერსის არასწორ გადაწყვეტილებებთან ერთად, დიდი ჰანდიკაპების განიავების მთავარი მიზეზი უკანასკნელ სერიაში. "კლიპერსს" არ ჰყავდა მოთამაშე, რომელიც გააკონტროლებდა ტემპს, წაიკითხავდა მეტოქის დაცვას, იგრძნობდა თამაშის მიმდინარეობას და შეცვლიდა მას. მოთამაშეები თამაშის  Flow-ს მიჰყვებოდნენ, რამაც ისინი აქამდე მოიყვანა.

• "ლოს ანჯელეს ლეიკერსზე" "უკეთესები"
არ ვგულისხმობ, რომ რომელიმე რომელიმეზე უკეთესი გუნდია. აქ იგულისხმება "კლიპერსის" სურვილი, რომ "ლეიკერსზე" წინ ყოფილიყვნენ. ამის მარტივი დასტურია მარკუს მორისის ტრეიდი, რომელიც არაფერში სჭირდებოდა გუნდს. "კლიპერსი" სავსე იყო ვინგებით, რომლებიც იყვნენ გამორჩეული დამცველები და ათლეტები, ამავდროულად, რამდენიმე პოზიციის დაჭერა შეეძლოთ. რეალურად, მორისის ადგილი არ იყო გუნდში. სამაგიეროდ, როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ ჰყავდათ პლეიმეიქერი. "ლეიკერსის" მენეჯმენტი ლოგიკურად მივიდა მორისამდე, მათ არ ჰყავდათ გამორჩეული და ათლეტური ვინგი (კაილ კუზმას თუ არ ჩავთვლით). ჩემი აზრით, მორისის მოყვანის მთავარი მიზეზი ზუსტად მათი მოწინააღმდეგის სურვილი იყო და არა - რეალური საჭიროება. დაასწრეს მეზობლებს, მისცეს "ნიუ იორკ ნიქსის" პირველი რაუნდის პიკი და ამ ოფ-სეზონზე უნდა მისცენ მარკუსს დიდი კონტრაქტი.

გუნდში მოიყვანეს ყველა, ვისაც ლებრონთან რაიმე დაპირისპირება ჰქონია.

• Chemistry = 0
გახსოვთ, ალბათ, სეზონის შუაში იწერებოდა, რომ კავაი ლეონარდს და პოლ ჯორჯს ერთად არ უვარჯიშიათ. კავაი ძალიან ბევრ თამაშს დასვენების გამო ტოვებდა, იგივე - ჯორჯიც. ხშირად იცვლებოდა სასტარტო ხუთეული და ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა სამწვრთნელო შტაბი. ასე ვთქვათ, "კლიპერსი" რეგულარულს ყურადღებას არ აქცევდა. ამან მიიყვანა იქამდე, რომ არ იციან ერთად თამაში და არ იცნობენ ერთმანეთს. გუნდი, სადაც ამდენი გამორჩეული დამცველია, საშუალოდ გაშვებული ქულებით (110.3)  და დაცვითი რეიტინგით (111.8) ერთ-ერთი ყველაზე უარესი გუნდია მიმდინარე პლეი-ოფში. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური და გუნდური დაცვა ორი სხვადასხვა სამყაროა, მაგრამ აშკარაა, რომ შეთამაშების ნატამალი არ ეტყობოდათ.

• კავაი არაკომფორტულ სიტუაციაში
ლეონარდს კარიერაში პირველად ჰქონდა მომენტი, როცა წაგება უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე მოგება. მთელი მისი კარიერის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როცა მას მოგებას სთხოვდა ყველა. ამ ზაფხულს კავაიმ საკუთარ თავს აჰკიდა მისთვის უჩვეულო წნეხი, რომელსაც 27%-ანი 14 ქულით "უპასუხა".
რა თქმა უნდა, ლეონარდის მოგზაურობა იმ ღიპუცა კაცმა არ დაასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი გვასწავლა ამ სერიამ. კავაიზეც და ჯორჯზეც.
ლეონარდი აღარ თამაშობს იმ დონის დაცვას, რასაც საუკეთესო სეზონებში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც შეტევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მან დაცვაში დაიწყო ენერგიის დაზოგვა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად ინერტული
გახდა უკან. ერიდება საუკეთესო შემტევებს, არ დგამს ზედმეტ ნაბიჯს და როცა უდგება გამორჩეულ შემტევებს, უბრალოდ, საკუთარ თავს აღარ ჰგავს. "კლიპერსს" საკმარისზე მეტი მოთამაშე ჰყავს წინ იმისთვის, რომ კავაიმ ძველი დაცვა ითამაშოს. მას ამის კეთება ისევ უმაღლეს დონეზე შეუძლია.

• ნიკოლა იოკიჩი
Simple as that.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლებრონმა კი უფრო მეტად გაზარდა შანსი გახდეს მეფეთა მეფე კალადბურთაღმაშენებელი... ლეიკერს წინნ ბეჭედისკენნნნნ
reali
13:08 18-09-2020
0
მუხლი პროფესორობ თუ კაცი ხარ მეტოქის დაუფასებლობა იყო და მეტი არაფერი 3:1 -ზე უკვე გასულები ეგონათ თავი პოლიტიკა ჯორჯი აშკარად ამოვარდნილი იყო სართო საქმიდან მარტო კავაი ვერაფერს გარდა მარტო მხოლოდ მარადონამ მოიგო ჩემპიონატი მანამდე და მის მერეც ვერავინ მოახერხა ეს თვით აირმენმაც კი!
კახა
03:14 17-09-2020
3

სიახლეები პოპულარული