დღეს, 1-ლი ოქტომბრის გამთენიისას, NBA-ს სუპერფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მაიამი ჰიტი'' დაამარცხა: 116:98.
პირველი მეოთხედი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და კალიფორნიელებმა მხოლოდ 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს - 31:28. მეორე და მესამე მეოთხედები კი "ლეიკერსმა" ადვილად "წამოიღო" და ბოლო მეოთხედის წინ მეტოქეს 26 ქულით ამარცხებდა. საბოლოოდ კი ლებრონი და კომპანია 18-ქულიან გამარჯვებას დასჯერდა.
ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა მათთვის რუტინული შეხვედრა ჩაატარეს. "მეფის" ანგარიშზე 25 ქულა, 13 მოხსნა და 9 გადაცემაა, ხოლო დევისმა გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა და 5 გადაცემა შესძინა.
"მაიამის" მხრიდან კი ჯიმი ბატლერი იყო გამორჩეული, რომელმაც 23 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. ფლორიდელებს გუნდის ორი ლიდერი დაემტვრათ - ადებაიაო და დრაგიჩი. სლოვენიელისთვის მიმდინარე სერია დასრულებულია...
"ლეიკერსი" სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კი 3 ოქტომბერს გაიმართება.