უკიდურესი გაჭირვებიდან ჩემპიონობამდე... ერთი ბერძენი ბიჭის ემოციური ისტორია [PHOTO]

AutoSharing Option
NBA-ს სუპერვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოს ცხოვრების გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. 2013 წელს იანისმა საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო და ყველაფერი აქედან დაიწყო. 

ბერძნის მამა ჩარლსი ნიგერიაში ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო დედა, სახელად ვერონიკა, სიმაღლეზე მხტომელი გახლდათ. ალბათ, არცაა გასაკვირი, თუ საიდან აქვს "ბერძნულ რისხვას" ასეთი ფიზიკური მონაცემები. 

იანისს 4 ძმა ჰყავს, ორი უფროსი და ორიც უმცროსი. ერთ-ერთ უფროს ძმასთან, ტანასისთან ერთად, კალათბურთს მიჰყვებოდა. ისინი გუნდელები გახლდნენ და დღეს ამერიკაშიც ერთი ორგანიზაციის წევრები არიან. 

Sportall.Ge

2015 წელი, ათენი. იანის და ტანასის ანტეტოკუნმპოები ერთ-ერთ ადგილობრივ მოედანზე

2013 წლის დრაფტზე იანისი მე-15 ნომრად "მილუოკი ბაქსმა" აირჩია. დღეს ვუყურებთ "ირმების" ფორმაში გამოწყობილ 34-ნომრიან მონსტრს, რომლის შეჩერებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ასე როდის იყო... პირველ სეზონში ფიზიკურად მაღალი და გამხდარი ბიჭი დაახლოებით 7 ქულით გამოირჩა. უამრავ ჟურნალისტს ბერძნის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდა, ამის მიზეზი კი რეალური გახლდათ, იანისს სროლა არ შეეძლო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მისი ფიზიკური მონაცემების დამსახურება იყო. ამასთან ერთად, ახალგაზრდაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. მიზეზი მარტივია - ის მე-15 ნომრად აირჩიეს. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, მას იმედები უნდა გაემართლებინა.

Sportall.Ge

2013-2014 წელი. ბერძნის პირველი სეზონი ლიგაში

საპასუხოდ, მისი ძმა "ნიუ იორკ ნიქსში" ჩაირიცხა. ის 51-ე პიკად აირჩიეს და მასზე გაცილებით ნაკლები მოლოდინი იყო. ამიტომაც ის იმდენად სწორად ვერ განვითარდა... საჭიროა გრძნობდე ვალდებულებას, რათა თითოეულ თამაშში ანთებული თვალებით თამაშობდე. ესაა "ბერძნული რისხვის" აღწერა თითოეულ თამაშში, სადაც წამით არ ზოგავს საკუთარ თავს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს ტანასისი და იანისი ერთ გუნდში, "მილუოკიში" თამაშობენ. ასევე NBA-ში ასპარეზობს მათი პატარა ძმა, კოსტასი, რომელიც "ლეიკერსის" შემადგენლობაში ირიცხება.

Sportall.Ge

ძმები ანტეტოკუნმპოები

2016 წლის ივლისში ძმები და ამავდროულად, თანაგუნდელები, საბერძნეთში სავალდებულო ჯარში 3 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

Sportall.Ge

ძმები საბერძნეთის ჯარში, 2016 წელი

იანისის ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მის ოჯახს არ ედგა ბედნიერი წლები, მაგრამ კალათბურთელები დასახული მიზნისკენ ბრძოლას არ წყვეტდნენ. ცნობილი ფაქტებია, რომ ბერძენს ქუჩაში ნივთების გაყიდვა უწევდა, რათა ელემენტარული საარსებო საშუალება ჰქონოდა. ასევე, მას არ ჰქონდა კოსტიუმი მანამ, სანამ დრაფტზე არ მოუწია დადგომა. 

მაგრამ იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გამუდმებული ვარჯიშის ხარჯზე შეძლო და NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც, კალათბურთელი 5 წელში 228 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, რაც წელიწადში 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

Sportall.Ge

"ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება"- იანისის ტრანსფორმაცია 2013-დან 2020 წლამდე

საბოლოოდ, კალათბურთელს რამდენიმე ჩემპიონობა სჭირდება, რათა ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვოს. მისი მიღწევები შემდეგნაირია: ორგზის წლის საუკეთესო მოთამაშე, 2020 წლის საუკეთესო დამცველი, 4-გზის ყველა საუკეთესოს მატჩის მონაწილე, ორგზის წლის საუკეთესო გუნდში და ასევე ორგზის წლის მეორე საუკეთესო გუნდში, 3-გზის დაცვით გუნდში, სადაც 2-ჯერ მთავარ, ხოლო ერთხელ მეორე სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

როგორც ჩანს, ბერძნის კარიერა საოცრად ვითარდება. იანისი არ წყვეტს საკუთარ თავზე მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ადრეულ წლებში სროლა უჭირდა, ახლა უმატებს და თუ ეს წარმატება ასე გაგრძელდა, ეჭვგარეშეა, რომ ის რამდენიმე ბეჭედს აუცილებლად მოიპოვებს. 


Sportall.Ge

და იანის ანტეტოკუნმპო 2020/21 წლების ჩემპიონია...

2019/20 წლების სეზონში პლეი-ოფში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ იანისს სახელი "შეებღალა" და რას აკეთებს ბერძენი? მომდევნო სეზონში ზღაპრულ პლეი-ოფის თამაშებს ატარებს და საკუთარ ორგანიზაციას 50-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობას ჩუქნის, თანაც როგორს? გაანადგურა "მაიამი", გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში 4:1 მოუგო; აჯობა "ბრუკლინ ნეტსსა" და ფანტასტიკურ ფორმაში შესულ კევინ დურანტს (4:3); კონფერენციის ფინალში "ატლანტას" ბარიერი გაიარა (4:2) და მივიდა მასთან, ვინც გასული სეზონის ჩემპიონი "ლეიკერსი" 4:2 დაამარცხა, საუკეთესო მოთამაშის, ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" 4:0 გაანადგურა; სუპერფინალში პირველი ორი შეხვედრა "ბაქსმა" წააგო და იანისს თავს ისევ დიდი კრიტიკა დაატყდა, თუმცა ანთებული თვალებითა და გაშმაგებული სუნთქვით იგებდა ბერძენი თამაშებს, იგებდა და საკუთარ გუნდს შესაძლებლობას აძლევდა, რათა ერწმუნათ გამარჯვების... და ეს ასეც მოხდა, ყველამ თავისი საქმე გააკეთა და "ბაქსმა" ტიტული მოიგო.

Sportall.Ge

გულის ამაჩუყებელია, როდესაც უყურებ მოთამაშეს, რომელიც ემოციებს ვერ თოკავს და ტირის, თუმცა უყურებ იანისს და ხვდები, თუ რამდენს მიაღწია, რა გზა გამოიარა, სად მოვიდა და რა ბედნიერია...
იანისმა ჩემპიონობის შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა:
"მე შემეძლო სუპერგუნდში წავსულიყავი, ჩემი საქმე გამეკეთებინა და ჩემპიონობა მომეპოვებინა, მაგრამ მე რთული გზა ავირჩიე. ეს ის გზაა, რომელსაც მე ვირჩევ და მე ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე, დიახ, მე ჩემპიონი ვარ!"
ეს ის სიტყვაა, რომელიც ნამდვილ ლიდერს შეეფერება. გასულ სეზონში აქტიურად იწერებოდა, რომ ანტეტოკუნმპო სტეფ კარის შეუერთდებოდა და "გოლდენ სტეიტისთვის" ითამაშებდა, თუმცა არა, ის დარჩა, დარჩა და ისტორიაც დაწერა. ეს ის ზღაპარია, რომელსაც საკუთარ შვილიშვილებს მოუყვება, პატარები კი იამაყებენ.
ბერძენი ისტორიას დარჩება, მისი განვლილი გზა მომავალ თაობას ბიძგს მისცემს, რათა არასდროს დანებდნენ და მიზნისთვის საკუთარი თავიც კი გადადონ.
ანტეტოკუნმპო ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა. სუბიექტურად ვიტყვი, რომ ის ამ სეზონში საუკეთესო იყო. მან შექმნა საკუთარი ლიგა, სადაც ძალისმიერად თამაშობს, მის შეჩერებას კი ვერავინ ახერხებს. ამაზე მისი ფინალების სტატისტიკაც მეტყველებს - 35.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 5.0 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა, 1.8 დაფარება, 61.8% თამაშიდან სიზუსტე.

altNBA - დეკადის 10 საუკეთესო გამთამაშებელი [VIDEO]


 

მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენადაც ვიცი,იანისის უმცროსი ძმა,კოსტას ანტეტოკუნმპო,უკვე არის ნბა-ს ჩემპიონი.
სოსო
12:21 21-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული