დღეს, 27 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 108:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლოსანჯელესური კლუბის 2-მა გამოკვეთილმა ლიდერმა, კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა, ზემოხსენებული მატჩი გამოტოვა.
მასპინძელთა რიგებიდან ტრეი იანგმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც თავი 38 ქულას, 3 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა. ტრეიმ 11/11 საჯარიმო გამოიყენა, თამაშიდან კი - 12/23.
დეანდრე ჰანტერის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
შესანიშნავ ფორმაში იმყოფება შვეიცარიელი კლინტ კაპელა, რომელმაც მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. კლინტის ანგარიშზე 13 ქულა, 18 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება გახლდათ.
ლიდერების გარეშე დარჩენილი "კლიპერსიდან" რეჯი ჯექსონი გამოირჩა, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლის ზღვარზე ჩაატარა. რეჯის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
სერჟ იბაკამ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.
17 თამაშის შემდეგ "ატლანტა" 9 გამარჯვებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება "კლიპერსს", 13 გამარჯვებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს "ატლანტა" ხვალ, 28 იანვარს გამართავს. მათი მომდევნო მეტოქე "ბრუკლინ ნეტსი" იქნება. თავის მხრივ, "კლიპერსი" 29 იანვარს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.