დღეს, 1-ელ თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 149:146 დასრულდა.
როგორც იქნა, თავისი კალიბრის შესაფერისი შეხვედრა ჩაატარა რასელ უესტბრუქმა, რომელმაც გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. უესტბრუქის ანგარიშზე 41 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.
მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ბრედლი ბილმა, რომელმაც 37 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მორიტს ვაგნერმა თავი 17 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
ფანტასტიკურ სვლას "ბრუკლინის" ლიდერი კევინ დურანტიც განაგრძობს, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოუტანა.
"ნეტსის" სნაიპერმა ჯო ჰარისმა მოწინააღმდეგე პერიმეტრიდან 8-ჯერ დაამწუხრა. ჰარისის ანგარიშზე 30 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
კაირი ირვინგის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ჯეიმს ჰარდენმა ეს შეხვედრა გამოტოვა.
მიუხედავად პრინციპული შეხვედრის მოგებისა, "ვაშინგტონი" 4 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ბრუკლინსა" და სტივ ნეშს, 13 მოგებითა და 9 მარცხით ამავე კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
"ვიზარდსი" მომდევნო მატჩს 3 თებერვალს, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ნეტსი" ამავე რიცხვში "კლიპერსს" დაუპირისპირდება.
სხვა მატჩების შედეგები:
"დენვერი" - "იუტა" - 128:117
"ტორონტო" - "ორლანდო" - 115:102
"მინესოტა" - "კლივლენდი" - 109:104