დღეს, 5 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 119:117 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
შესანიშნავ ფორმაში შევიდა დედაქალაქელების ერთ-ერთი ლიდერი რასელ უესტბრუქი, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
კალიფორნიელების მხრიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ივიცა ზუბაცის ანგარიშზე 13 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
14 გამარჯვებითა და 20 მარცხით "ვაშინგტონი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "კლიპერსს", კალიფორნიულ გუნდს 24 მოგება და 14 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთში მე-4 ადგილზე იმყოფება.
"ვიზარდსი" მომდევნო მატჩს 11 მარტს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "კლიპერსი" 12 მარტს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლებს.