დღეს, 28 მაისს, პლეი-ოფის პირველი რაუნდის მესამე შეხვედრები გაიმართა.
"მიამი ჰიტმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 113:84 დასრულდა. გასულ წელს, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში, ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა იქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო, პირველი სამი შეხვედრა "მაიამიმ" მოიგო და ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო სრულად ამოკეტეს; დღეს კი ყველაფერი განსხვავებულადაა, სპოელსტრას შეგირდები მეტოქეს ვერაფერს უპირისპირებენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "ბაქსს", ჯრუ ჰოლიდეიმ
19 ქულა, 3 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისი შედეგიანობის მაჩვენებელი კი +41-ს გაუტოლდა. სავარაუდოდ, "ირმების" ასეთი დონის თამაში სწორედ ჯრუს დამსახურებაა, რომელიც კარგ დამცველთან ერთად თამაშის შესანიშნავი დირიჟორიც გახლავთ.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:0 ხდება, მომდევნო შეხვედრა კი 29 მაისს გაიმართება. თუ "მილუოკი" მომდევნო თამაშის მოგებასაც მოახერხებს, "ჰიტი" პლეი-ოფს 4:0 დათმობს.
ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და კომფორტული უპირატესობით, 109:95 დაამარცხა.
კალიფორნიელთა რიგებიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 34 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "სანსს", დეანდრე ეიტონმა თავი 22 ქულით, 11 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, პირველი შეხვედრის ჩაგდების შემდეგ ლოსანჯელესურმა გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და სერიაშიც 2:1 დაწინაურდა.
პირველი რაუნდის მეოთხე შეხვედრა 30 მაისს გაიმართება.
მესამე შეხვედრა "პორტლენდ ტრეილბლეიზერსსა" და "დენვერ ნაგეტსს" შორის გაიმართა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 120:115 დასრულდა.
"ტრეილბლეიზერსის" რიგებში საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც 37 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
"დენვერის" რიგებიდან კი ნიკოლა იოკიჩმა 36 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში "ნაგეტსის" სასარგებლოდ, 2:1 გახლავთ, მომდევნო შეხვედრა კი 30 მაისსაა ჩანიშნული.