დღეს, 4 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2 შეხვედრა გაიმართა.
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ფორმატში წარიმართა, თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძლები იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ "ნაგეტსმა" 126:115 იმარჯვა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დემიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 4 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
სიჯეი მაკალუმის ანგარიშზე 21 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ.
რაც შეეხება "დენვერსს", მაიკ პორტერ ჯუნიორმა და ნიკოლა იოკიჩმა ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ითამაშეს.
შეხვედრის პირველ ნახევარში
მაიკ პორტერ ჯუნიორი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულითა (10/14) და 2 მოხსნით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მსუბუქ ფორვარდს მეორე ტაიმში მეტი ქულა აღარ ჰქონია.
რაც შეეხება ნიკოლა იოკიჩს, სერბი ვარსკვლავი შესვენებაზე 9 ქულით გავიდა, მეორე ნახევარში კი საკუთარი თამაში იპოვა და თანაგუნდელის დაწყებული საქმე განავრცო.
საბოლოო ჯამში, ნიკოლას ანგარიშზე 36 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
ამრიგად, სერია "ნაგეტსის" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა, პლეი-ოფის მეორე წრეში გავიდა.
მეორე შეხვედრა "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "ფინიქს სანსს" შორის გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 113:100 დასრულდა. ამრიგად, "სანსმა" პლეი-ოფის პირველ რაუნდში მოქმედი ჩემპიონები 4:2 დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე "დენვერ ნაგეტსი" იქნება. პირველი შეხვედრა 7 ივნისსაა ჩანიშნული.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
გუნდის მეორე ლიდერმა ენტონი დევისმა მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო, რამაც კალიფორნიელების მდგომარეობა ერთიორად გაართულა.
რაც შეეხება "ფინიქსს", დევინ ბუკერმა პირველივე მეოთხედში მოქმედ ჩემპიონებს 22 ქულა ჩაუგდო და გუნდს დიდი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა, შეხვედრის ბოლოს კი პლეი-ოფის საუკეთესო მაჩვენებელი 47 ქულა დააფიქსირა. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ვარსკვლავს 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაც ჰქონდა.
ჯაე კრაუდერმა 18 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, თითქოსდა გაძლიერებული "ლეიკერსი" გუნდურმა "ფინიქსმა" გამოთიშა. აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსმა 15 წლის განმავლობაში პლეი-ოფის პირველ რაუნდში სერია პირველად წააგო.
აღსანიშნავი კიდევ ერთი ფაქტია: დევინ ბუკერი კობი ბრაიანტის საყვარელი მოსწავლე გახლდათ. მათი პირველი დაპირისპირების შემდეგ კობიმ დევინს საკუთარი ბოტასი აჩუქა, წარწერით: "იყავი ლეგენდარული". ბუკერმა კი სერიაში გამარჯვების შემდეგ "ტვიტერზე" სწორედ ეს პოსტი გამოაქვეყნა და "ყვითლების ლეგენდას" ეს გამარჯვება მიუძღვნა.
სათამაშო დღის 5 საუკეთესო მომენტი: