დღეს, 10 აგვისტოს, NBA-ს საზაფხულო ტურნეში სანდრო მამუკელაშვილი ჩაერთო, მისი "მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 3-ქულიანი სხვაობით, 81:78 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა პარკეტზე 28:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველს სამწვრთნელო შტაბის დიდი ნდობა აქვს და სანდრო ამას კარგად იყენებს.
რა თქმა უნდა, მამუკელაშვილის კარგი თამაში "მილუოკის" გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ:
"ვგიჟდები, როგორ აღმოჩნდა სანდრო მე-2 რაუნდში? ეს კარგია "ბაქსისთვის", კარგია სანდროსთვის, ერთ დღეს ის ვარსკვლავი გახდება".
"მივიღეთ კიდევ ერთი მაღალი მოთამაშე, ისეთი, როგორიც ერთ დროს იანისი იყო".
"ის ბლოკებსაც და დაცვასაც ბრუკზე უკეთ ახერხებს".
"კარგი არჩევანია "ბაქსისგან".
რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელს, ჯორდან ნვორამ ("ბაქსი") თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "მილუოკმა" საზაფხულო ტურნე გამარჯვებით დაიწყო. "ირმები" მომდევნო შეხვედრას 12 აგვისტოს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.
ბითაძემ მაგრად მოუკლო, და ტყუილად ნუ აბრალებთ მწვრთნელს წუთებს არ აძლევსო, შეშინებულივით თამაშობს, ევროპულ კალათბურთს გაქაჩავს, ვარსკვლავიც იქნება მაგრამ ნბაში... იმედია ვცდები