ქართველების დღე NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საგამოფენო შეხვედრები გრძელდება.

დღეს, 14 ოქტომბერს, ქართველი კალათბურთელების გუნდებმა, "მილუოკი ბაქსმა" და "ინდიანა პეისერსმა", ითამაშეს.

"იუტა ჯაზმა" NBA-ს მოქმედ ჩემპიონს, "მილუოკს" უმასპინძლა და 124:120 დაამარცხა.

"ირმების" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე 17 წუთის განმავლობაში ვიხილეთ, რა დროშიც 2 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნია, რომ "მამუს" თამაში არ წაუვიდა (1/8), თუმცა გუნდის მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლზერმა მაინც სოლიდური დროით დატვირთა.

"ბაქსის" შემადგენლობაში საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით
გამოიჩინა.

მასპინძელთა რიგებიდან ჯორდან კლარკსონი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"ირმებმა" საგამოფენო შეხვედრები მოგება-წაგების ბალანსით 1-2-ზე დაამთავრა, "მემფისთან" მატჩი კი მესამე მეოთხედის დასრულებისას ჩაიშალა (77:87).

2021/22 წლების სეზონის გახსნითი მატჩის ფუფუნება, რა თქმა უნდა, მოქმედ ჩემპიონებს ერგოთ, სადაც მათი მეტოქე "ბრუკლინ ნეტსი" იქნება. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

თავის მხრივ, "ჯაზმა" პრესეზონი 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაასრულა, ახალ სეზონს კი 21 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გახსნის.


რაც შეეხება "ინდიანას", "პეისერსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 109:107 გაიმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე მოედანზე 9 წუთის განმავლობაში ვიხილეთ, თუმცა მოულოდნელად ქართველმა ვერაფერი ღირებული ვერ შემოგვთავაზა (0 ქულა, მოხსნა, შედეგიანი გადაცემა, ჩაჭრა და დაფარება)... გოგამ თამაშიდან 3-ჯერ ესროლა (1 ორქულიანი, 2 სამქულიანი), თუმცა ვერც ერთი გამოიყენა.

"ინდიანას" რიგებიდან დომანტას საბონისი გამოირჩა. ლიეტუველმა ვარსკვლავმა გუნდს 24 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

"მემფისის" შემადგენლობიდან საუკეთესო სამ მერილი გახლდათ, რომელმაც თავი 30 ქულით, 1 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"ინდიანა" პრესეზონის მორიგ შეხვედრას 16 ოქტომბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს, 2021/22 წლების სეზონს კი "შარლოტ ჰორნეტსთან" მატჩით გახსნის (21 ოქტომბერი, 03:00 საათი).

"გრიზლი" იმავე 16 ოქტომბერს "ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპრიდება, 21 ოქტომბერს კი "კლივლენდ კავალიერსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი დროა ბითო დაბრუნდეს ევროპაში
მიმო
14 ოქტომბერი 2021 16:17
2
ჯობდა ქართველების ღამე დაგერვათ. :D
გიო გიო
14 ოქტომბერი 2021 11:30
0
ბურთიც ჩააგდო, კაი დაფარებაც შეასრულა და სულ ცოტა ორი მოხსნაც მიითვალა.
იღბალო
14 ოქტომბერი 2021 11:23
0

სიახლეები პოპულარული