ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "მილუოკი ბაქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 7-ქულიანი უპირატესობით, 109:102 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ბერძენმა თავი 47 ქულით (8/11 საჯარიმო, 15/19 ორქულიანი, 3/4 სამქულიანი), 9 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
იანისს მხარი ბობი პორტისმა აუბა, რომელმაც 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.
კალიფორნიელების რიგებიდან საუკეთესო მექულე ტალენ ჰურტონ ტაკერი გახლდათ, რომელმაც აქტივში 25 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
რასელ უესტბრუქმა გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"ბაქსი" 7 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" 8 გამარჯვებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს იმავე 20 ნოემბერს "ბოსტონ სელტიკსის" პირისპირ ჩაატარებს.