ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 124:116 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა...
"პეისერსის" რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
კალიფორნიელების შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 39 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. მოგეხსენებათ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ აიზია სტიუარტთან უხეში თამაშის გამო 1 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით დასაჯეს, დაბრუნებიდან პირველივე შეხვედრაში კი მეგა მატჩი გამართა.
მშვენიერ სტატისტიკურ მონაგარს მოუყარა თავი რასელ უესტბრუქმაც, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ინდიანა" 8 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" 10 გამარჯვებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (იმავე 27 ნოემბერს) "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.
"ბრუკლინ ნეტსი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 123:104 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან საუკეთესო მექულე პატი მილსი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 1 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კევინ დურანტმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
"კელტების" რიგებიდან მარკუს სმარტმა გუნდს 20 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ნეტსი" 14 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერნეციაში 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 28 ნოემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"სელტიკსი" 10 გამარჯვებითა და 9 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 27 ნოემბერს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.