ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 122:114 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
მალიკ მონკმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, თითო ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.
რასელ უესტბრუქმა თავი 19 ქულით, 7 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ რასს ამ შეხვედრამდე ზედიზედ 407 მატჩი ჰქონდა (2016 წლიდან მოყოლებული), სადაც ბურთი მინიმუმ 1-ხელ დაკარგა, სუპერვარსკვლავმა კი ეს არასასიამოვნო სერია დღეს შეწყვიტა.
რაც შეეხება "საკრამენტოს", დერაონ ფოქსმა 30 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბადი ჰილდმა აქტივში 26 ქულა (7/13 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 20 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავენ.
რაც შეეხება "კინგსს", 16 გამარჯვებითა და 23 მარცხით დასავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 6 იანვარს იმავე "ატლანტას" პირისპირ ჩაატარებს.