კარგი ამბავი! "ინდიანამ" ლიდერი გაცვალა, გოგამ შანსი უნდა გამოიყენოს!

AutoSharing Option
უკვე დიდი ხანია NBA-ს ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ "ინდიანა პეისერსი" გუნდის შენებას ახლიდან იწყებს. იწერებოდა სხვადასხვა ვარიანტი, არ ჩერდებოდა ჭორები; დღეს, 8 თებერვალს კი "პეისერსის" ხელმძღვანელობამ რებილდინგისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ინდიანაპოლისური გუნდი უპირობო ლიდერმა დომანტას საბონისმა დატოვა. ლიეტუველი კალათბურთელი ჟერემი ლემბთან და ჯასტინ ჰოლიდეისთან ერთად მოღვაწეობას "საკრამენტო კინგში" გააგრძელებს; თავის მხრივ კი, "პეისერსმა" ტაირის ჰალიბურტონი (გამთამაშებელი), ბადი ჰილდი (3-ქულიანის დიდოსტატი) და ტრისტან ტომპსონი (ცენტრი) მიიღო.

მოგეხსენებათ, "ინდიანაში" გოგა ბითაძე გამოდის. დომანტას საბონისისა და მაილის ტერნერის სტატუსისა და კლასის გამო ქართველ
ცენტრს სათამაშო დრო ლიმიტირებული რაოდენობით ეძლეოდა, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენებურს ეს პრობლემა გარკვეული პერიოდით მაინც მოეხსნება. როგორც იცით, ტერნერი ტრავმირებულია, რის გამოც გოგა სხვა მაღალ კალათბურთელებთან ერთად სათამაშო დროს ინაწილებდა, თუმცა ლიეტუველის წასვლის შემდეგ, რომელიც "ინდიანაში" საშუალოდ 35 წუთს თამაშობდა, დიდი შანსია გუნდის მთავარი ცენტრის როლი (როგორც მინიმუმ, გარკვეული დროით) ბითაძემ ჩაიბაროს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სტატისტიკური მონაგარი აქვს ტრისტან ტომპსონს (საშუალოდ 15 წუთში 6.2 ქულა, 5.4 მოხსნა, 0.5 ასისტი, 0.4 მოხსნა-დაფარება), დავუმატებთ ხელმძღვანელობის სურვილს, რომ გუნდის რებილდინგი დაიწყოს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგას თავის გამოჩენისთვის იდეალური შანსი მიეცა. გადავხედოთ გოგას სტატისტიკასაც - საშუალოდ 11 წუთში 4.5 ქულა, 2.9 მოხსნა, 0.5 ასისტი, 0.3 ჩაჭრა და 0.6 დაფარება, ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე, რომ სეზონის სტარტზე ფაქტობრივად მხოლოდ "გარბიჯ თაიმში" თამაშობდა (როდესაც სხვაობა დიდია და მწვრთნელები ისეთ კალათბურთელებს აძლევენ შანსს, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ).

გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ 25 წლის მაილის ტერნერსაც. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა, თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, თითქოსდა სპორტსმენით "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და "შარლოტ ჰორნეტსი" ინტერესდებიან.

ასეა თუ ისე, "ინდიანამ" გაცვლები დაიწყო. გუნდი ლიეტუველმა ვარსკვლავმა დატოვა, გოგამ კი ეს შანსი ჩინებულად უნდა გამოიყენოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა გააორმაგებს მაჩვენებლებს, მინიმუმ!
თენგო
13:32 09-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული