ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" მე-7 შეხვედრაში "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 109:81 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მექულე გრანტ უილიამსი გახდა, რომელმაც თავი 27 ქულით (7/18 სამქულიანი), 6 მოხსნითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 23 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ჯეილინ ბრაუნმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სტუმართა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ აქტივში 25 ქულა, 20 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება
ჩაიწერა. ბერძენმა სერიაში ისტორიულ შედეგს მიაღწია - იანისი გახდა ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთ სერიაში 200 ქულა, 100 მოხსნა და 50 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "ბაქსმა" ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. "სელტიკსი" კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც "მაიამი ჰიტს" შეხვდება. პირველი მატჩი 18 მაისს გაიმართება.
მე-7 შეხვედრა გაიმართა დასავლეთ კონფერენციაშიც. "დალას მავერიკსი" "ფინიქს სანსს" ესტუმრა და მოულოდნელად 123:90 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 35 ქულა (12/19), 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
სპენსერ დინვიდიმ 30 ქულა (11/15), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ჯეილინ ბრანსონმა 24 ქულა (11/19), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მასპინძელთა მხრიდან არც ერთ კალათბურთელს კარგი თამაში არ გამოუვიდა. დევინ ბუკერმა თავი მხოლოდ და მხოლოდ 11 ქულას (3/14), 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა.
კრის პოლმა აქტივში 10 ქულა (4/8), 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, მოქმედი ჩემპიონის მსგავსად, გასული სეზონის მეორეადგილოსანიც გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. "დალასი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება. პირველი მატჩი 19 მაისს გაიმართება.