ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-2 შეხვედრა გაიმართა.
"ბოსტონ სელტიკსი" "მაიამი ჰიტს" მეორედ ესტუმრა და 25-ქულიანი უპირატესობით, 127:102 დაამარცხა. მანამ, სანამ მიმოხილვას დავიწყებთ, გეტყვით იმას, რომ სტუმრებს ალ ჰოლფორდი და მარკუს სმარტი დაუბრუნდნენ. მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში იმე უდოკას 2 გამორჩეული დამცველი არ ჰყავდა.
ფლორიდელების მხრიდან ჯიმი ბატლერმა 29 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გეიბ ვინსენტმა 14 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა თანაბარი, 24-24 ქულა მიითვალეს. აღსანიშნავია სმარტის 12 შედეგიანი გადაცემაც.
ამრიგად, "სელტიკსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო 2 მატჩი 22 და 24 მაისს, ბოსტონში გაიმართება.