უსახლკარობიდან NBA-ს ვარსკვლავობამდე - ჯიმი ბატლერის ბნელი მხარე, რომელსაც ნათელი დასასრული მოჰყვა

AutoSharing Option
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ დიდ სპორტში მოხვედრა მხოლოდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ ფაქტის საპირისპიროდ ვიცნობთ ვარსკვლავებს, რომლებმაც დიდებამდე ეკლიანი გზა გაიარეს. სპორტულ ასპარეზზე ჭიდილის გარდა, სპორტსმენებს მძიმე ცხოვრებასთანაც უწევდათ ბრძოლა და თუ მათ ნებისმიერ საფეხბურზე ფეხი დაუცდებოდათ, სადღაც შორეულ უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ... ალბათ, ამიტომაცაა, რომ მძიმე და მტანჯველი წარსულის მქონე ვარსკვლავების ფიზიკური მომზადება და მენტალური მდგომარეობა რამდენიმე ნაბიჯით წინაა სხვა, გათამამებული ბავშვობის მქონე სპორტსმენებზე.

დღეს მინდა გესაუბროთ ჯიმი ბატლერზე, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა - ტკივილი, ცრემლები, იმედგაცრუება და ამის საწინააღმდეგოდ დიდება,
პოპულარობა და სარფიანი შემოსავალი.

Sportall.Ge

ბატლერი 1989 წელს ჰიუსტონში, ტექსასის შტატში დაიბადა. როგორც წესი, სპორტსმენების აღზრდასა და განვითარებაში უდიდეს როლს მშობლები ასრულებენ. ჯიმის ტრაგიკული ისტორია მის დაბადებამდე დაიწყო, როდესაც მამამ მიატოვა. პატარა ბიჭუნა იძულებული გახდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და თანხის გამომუშავებით დედას დახმარებოდა. კალათბურთს თვალს არ ადევნებდა, რადგან მისი გატაცება ამერიკული ფეხბურთი იყო. რომ არა მთავარი იმედგაცრუება, ალბათ NBA-ს ერთი სუპერვარსკვლავით ნაკლები ეყოლებოდა.

მშობელმა დედამ 13 წლის ასაკში შვილი წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელი მიზეზის გამო თავშესაფარს მიაბარა.

"არ მომწონს როგორც გამოიყურები, შენ უნდა წახვიდე".

ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, გაიზიარო ის გრძნობა, რასაც ჯიმი მაშინ გრძნობდა... საკუთარმა მშობელმა აბსურდული მიზეზის გამო მასზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ გამოიმუშავა ის უნარ-ჩვევები, რაც დღეს ახასიათებს; სწორედ ამის გამოა, რომ მის ორგანიზმში ემოციები ნაკლებადაა და მეტად თავს ცივსისხლიანობით გვაწონებს. რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? მარტივია, არასდროს დანებდე და შენი წარმატების ფორმულა აუცილებლად ამუშავდება.

როდესაც ბატლერი კალათბურთს შეხვდა

ლოგიკურია, რომ უსახლკარო ბიჭუნას დასარჩენიც არსად ჰქონდა. ალბათ, ხვდებით, ამ ასაკის ადამიანები ამერიკაში და არამხოლოდ დასავლეთში როგორ ირჩენენ თავს: სჩადიან დანაშაულებს, წევრიანდებიან სხვადასხვა ქუჩის დაჯგუფებაში და არაკანონიერი გზით იღებენ სისხლით დასვრილ ფულს. ამის საპირისპიროდ, ბატლერი ვარჯიშობდა, შეძლებისდაგვარად ღამეს მეგობრების სახლში ათევდა და შემდეგ ისევ ვარჯიშობდა... ამ პერიოდის განმავლობაში თინეიჯერი მეგობრებთან კვირაზე მეტხანს არ რჩებოდა, რადგან თავმდაბალ და ცხოვრებისგან დაჩაგრულ ბავშვს არ სურდა მეგობრის ოჯახის შეწუხება. საღამოობით, მაშინ, როდესაც ბავშვური გართობა სჭირდებოდა, კალათბურთის ბურთით ხელში სხვადასხვა მოძრაობას სწავლობდა. ნელ-ნელა მისი პროგრესი შესამჩნევი გახდა და ჯიმის ცხოვრებაშიც პირველი ნათელი ნაპერწკალი გაჩნდა.

Sportall.Ge

ნამდვილი ოჯახი

ალბათ, ყველას გვაქვს ნანახი ამერიკული ფილმი The Blind Side, სადაც სცენარი ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ბატლერის ცხოვრება. ამ შემთხვევაში გოლიათი მაიკის დედამ შვილი მიატოვა, რის გამოც მთავარ პერსონაჟს მძიმე ცხოვრებასთან და უკიდურეს გაჭირვებასთან ბრძოლა მარტოს მოუწია. მოგვიანებით მაიკი შეძლებულმა ოჯახმა შეიფარა და მისცა შესაძლებლობა, საკუთარი მაქსიმუმი ამერიკულ ფეხბურთში გამოევლინა... მოგვიანებით, ერთ დროს გაჭირვებული და უპერსპექტივო ბიჭი აშშ-ის ერთ-ერთი (თუ ყველაზე პოპულარული არა) გამორჩეული სპორტული სახეობის ვარსკვლავად იქცა... ახლა კი დროა პარალელიდან ჯიმის ცხოვრებაზე გადავიდეთ და ვნახოთ, რამდენად ჰგავს ეს ისტორიები ერთმანეთს.

კოლეჯში ჯიმიმ NFL-ის მომავალი მოთამაშე, ჯორდან ლესლი გაიცნო, მალევე დამეგობრდნენ და ოჯახის წევრებიც გახდნენ. ჯიმის ტრაგიკული ცხოვრებისეული ისტორიების მოსმენის შემდეგ ლესლიმ და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს მისთვის სახლის კარი გაეღოთ და მიეცათ ის ოჯახური სითბო, როგორიც მას არასდროს უგრძვნია. ახლა უკვე საცხოვრებლისა და საკვების პრობლემა მოგვარებული იყო და დრო დადგა, სწავლასა და კალათბურთზე მაქსიმალურად გადართულიყო. ლიგის მომავალი ვარსკვლავი მთელი ძალით ვარჯიშობდა, სწავლობდა და საკუთარ მომავალს თავისივე ხელით ძერწავდა, ზუსტად ისე, როგორც ფილმიდან "გოლიათი მაიკი".

მორიგი იმედგაცრუება დიდ წარმატებამდე

კოლეჯის დასრულების შემდეგ ბატლერი არცერთმა პროფესიონალურმა საკალათბურთო გუნდმა არ აიყვანა. იმედგაცრუებამ ჯიმის ტვინი არ მოიცვა, იცოდა, რა უნდოდა მომავალში, რისთვის და ვისთვის უნდა მიეღწია წარამატებისთვის. გაჩნდა "ტაილერის" ახალგაზრდული კოლეჯის შანსი და ბატლერიც დაუფიქრებლად მისკენ გაეშურა.

ლიგაში საშუალოდ 18.1 ქულას, 7.7 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას აფიქსირებდა. მისი სტატისტიკა ცხადყოფდა, რომ ახალგაზრდა ბიჭუნას დიდი მომავალი ჰქონდა, უბრალოდ საჭირო იყო, რომ ჩავარდნილიყო კარგ ხელში, სწორ და განვითარებად მენეჯმენტში და ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც მის ბედნიერ და უდარდელ ოცნებებში იყო. და დადგა ის დღე, ჯიმიმ კარგი თამაშით უნივერსიტეტის გუნდები დააინტერესა, მის სანახავად მოდიოდნენ და აკვირდებოდნენ. ზოგი ხედავდა პოტენციალს, ზოგიც ვერა, ფიქრობდნენ, დრო რისთვის დავკარგეთო...

პროფესიონალური კარიერის დასაწყისი

ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი მარკეტის უნივერსიტეტზე შეაჩერა. რა თქმა უნდა, კოლეჯისა და უნივერსიტეტის გუნდების დატვირთვა, როგორც ცა და დედამიწა, ისეა დაშორებული. ამიტომაც ჯიმის თავიდან ძალიან გაუჭირდა. როგორც თვითონვე ამბობს, რიგ მომენტებში ფიქრობდა, რომ ეს მისი საქმე აღარ იყო და ამდენს ვერ შეძლებდა.

"თავდაპირველად არაფერი გამომდიოდა, რადგან ვარჯიში ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებას ვაპირებდი"

თუმცა მწვრთნელი ბაზ უილიამსი მასთან გაშორებას არ აპირებდა, პირიქით, მასში უდიდეს პოტენციალს ხედავდა, უბრალოდ გასაფურჩქნად დრო სჭირდებოდა. სპეციალისტი ამჩნევდა, რომ ბატლერს საკუთარი შესაძლებლობების არ სჯეროდა, ამიტომაც მიუდგა ზუსტად ისე, როგორც უნდა დადგომოდა მხარში და დაანახა, რომ მისი კეთილისმსურველი იყო და შეეძლო ისე მინდობოდა მას, როგორც მეორე მამას.

მოსწავლისა და მასწავლებლის გულწრფელმა საუბარმა ბატლერს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. იმ დროს მილუოკის უნივერსიტეტის ვარსკვლავი უესლი მეთიუსი იყო. სწორედ მომავალი "რკინის კაცი" იყო ჯიმისთვის ინსპირაციის წყარო. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ უესლი მასთან მივიდა და უთხრა, რომ უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნებოდა, უბრალოდ საჭირო იყო თავდაუზოგავი შრომა.

"მისი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. აქამდე ჩემს თავს ასეთ დონეზე ვერ ვხედავდი"

Sportall.Ge

ლატარიის დღე

ნაკლებად პოპულარული, არცთუ ისე კარგი სასროლო სელექციის მქონე კალათბურთელი დრაფტის საღამოს საკუთარ შანსს ელოდა, თუმცა იცოდა, რომ იყო ალბათობა არც ერთ გუნდს ის არ აერჩია. ყველაფერი დაიწყო, დევიდ სტერნი ჩვეულად გაწონასწორებული ხმის ტემბრით ლიგის მომავალ კალათბურთელებს ასახელებდა.

მაშ ასე, 2011 წლის ლატარიის პირველ არჩევნად "კლივლენდ კავალიერსი" ირჩევს კაირი ირვინგს, "მინესოტას" დერიკ უილიამსი სურს, ენეს კანტერი "იუტა ჯაზში" მიდის, მოდიან სხვა ვარსკვლავებიც, მაგალითად, კემბა უოლკერი გეზს "შარლოტისკენ" იღებს, კავაი ლეონარდი "ინდიანამ" "სან ანტონიოში" გაცვალა, კლეი ტომპსონი "გოლდენ სტეიტში" ითამაშებს და ბოლოს, პირველი რაუნდის 30-ე პიკად "ჩიკაგო ბულზსი" ირჩევს ბატლერს. ახლა უკვე ჯიმი ბედნიერია, დაიბნა, არ იცის, როგორ მოიქცეს, ეღიმება, თუმცა სიხარულისგან ტირილი და ბოლო ხმაზე ყვირილი სურს. მოირგო "ხარების" წითელი ქუდი და იმწამიდან ყველაფერი შეიცვალა.

"ხალხი მეუბნებოდა, რომ სკოლას ვერ დავამთავრებდი, ვერც უნივერსიტეტს და ვერასოდეს ვითამაშებდი NBA-ში. მე არა მათ, არამედ, პირველ რიგში, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ეს შევძელი"

ჯიმის მეორე დედა, მიშელ ლამბერტი, უკვე საკუთარი შვილით ამაყობდა, უყურებდა, რამხელა წარმატების მიღწევა შეუძლია ადამიანს, როდესაც ცხოვრებას არათუ ჩამორჩები, არამედ ერთი ნაბიჯით წინ გაასწრებ, იბრძოლებ და იცხოვრებ ისე, როგორც გინდა და არა ისე, როგორც გიწევს.

NBA-ს დასაწყისი

სადებიუტო სეზონში ბატლერს დიდი არაფერი გამოუვიდა, საშუალოდ 2.6 ქულას აგროვებდა, რის გამოც გუნდმა D ლიგაში დააქვეითა. ნუთუ მისი წარმატებული სვლა აქ უნდა დასრულებულიყო? არა, არა და არა. ჯიმის ჰქონდა ხასიათი, ჰქონდა ნიჭი და იცოდა რამდენი ოფლი, სისხლი დაღვარა აქ მოსახვედრად, ვარჯიშობდა და დაბალ ლიგაში წარმატებით გამოდიოდა. ამ დროს ბატლერისკენ ფორტუნა კიდევ ერთხელ შემოტრიალდა, კერძოდ, ლუოლ დენგის მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდი იძულებული გახდა განაცხადი შეევსო და ბატლერი უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში დაებრუნებინათ.

ფაქტობრივად, დრო არ ეძლეობდა, თუმცა უყურებდა თამაშს და ხედავდა, სად უნდა დაბრუნებულიყო, ვარჯიშობდა. მწვრთნელებიც, რა თქმა უნდა, ამჩნევდნენ და მისცეს ის შანსი, რასაც ამდენი ხანი ელოდა.

ბატლერი დაცვაში თავს იჩენს, შეტევას ხვეწს და სათამაშო დროს იზრდის, ნელ-ნელა ძირითად ხუთეულსაც "ეთამაშება". მის გვერდით აწ უკვე თქვენთვის კარგად ნაცნობი დერიკ როუზი გამოდის, ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ და ჩიკაგოელებს იმედს უსახავენ, თუმცა ეს ის დერიკი აღარაა და იცით, რატომაც...

ჯიმის სათამაშო დრო ეძლევა, ტიბოდო ნელ-ნელა ხედავს პერსპექტივას, უბრალოდ, როგორც დამცველი და არა შემტევი, თუმცა მსგავსი სტილი დღესაც დასაფასებელია. მერე რა, რომ ცუდი სასროლო სელექციაა, მთავარი მონდომებაა და ნებისმიერი რამის გამოსწორებაა შესაძლებელი, ბატლერს კი ეს არ გაუჭირდებოდა, რადგან მისი ცხოვრება საით მიექანებოდა და სად აღმოჩნდა, ყველამ ერთად დავინახეთ.

ვარჯიშობდა დარბაზში, სახლში, გუნდთან და გუნდის გარეშე. არ არსებობდა დასვენება. ხედავდა, რამდენი იყო საჭირო ვარსკვლავობისთვის. ამჩნევდა, რომ როუზის უმძიმესი ტრავმების შემდეგ გუნდს ლიდერი სჭირდებოდა, რომელიც როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ "ხარებს დაგეშავდა". რატომაც არა, დაისახა მიზნად და იშრომა...

და არის, ბატლერის თანალიდერობით "ჩიკაგო" 2013/14 წლებში პლეი-ოფში გადის, საშუალოდ მოედანზე 38.7 წუთს ატარებს და 13.1 ქულასაც აფიქსირებს. იქ "ბულზსი" დედაქალაქურ "ვაშინგტონთან" 1:4-ს აგებს და ასპარეზობას ნაადრევად ემშვიდობება.

Sportall.Ge

2014/15 წლებში ჯიმი ფეთქდება, საშუალოდ 20.0 ქულაზე ადის, გუნდს ლიდერობს. მოედანს დერიკ როუზიც უბრუნდება. ახალგაზრდების კარგი თამაშით "ხარები" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერსთან" ბრძოლაში 2:4 მარცხდება... ბატლერი ამავე წელს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მიიწვიეს. უკიდურესი გაჭირვებიდან ბიჭი ბურთს სუპერვარსკვლავების გვერდით გაათამაშებს, ისეთების, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, სტეფ კარი, კარმელო ენტონი, დუეინ უეიდი, კაირი ირვინგი და სხვები.

2015 წელს ბატლერის შრომა და მიზნისკენ სწრაფვა დაფასდა და ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ლეგენდარულმა ფრენჩაიზმა მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა. ხელშეკრულება 5 წელს გაგრძელდა, რა დროშიც გასამრჯელოს სახით 95 მილიონ დოლარს მიიღებდა... სამწუხაროდ, ილინოისური ვოიაჟი საჩემპიონო ბეჭდის გარეშე დასრულდა. შემდეგ იყო "მინესოტა", შემდეგ "ფილადელფია" და ახლა "მაიამი".

2019 წელს ჯიმი პირადად ებრძოდა სუპერფინალში ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის "ლეიკერსს". მართალია, 2:4 დამარცხდა, თუმცა უმეტესი დუელი პირადად მოიგო. ფლორიდელების მთავარი მწვრთნელი გუნდის ერთადერთ დასაყრდენ წერტილად ბატლერს აღიქვამდა, რის გამოც სუპერფინალური სერიის მეხუთე და მეექვსე თამაშებში მოედანზე 47 და 45 წუთი გაატარა. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც რამდენი დაისვენა... შეხედეთ მის თავგანწირვას, მონდომებას, მიზნისკენ სწრაფვას რამდენად დიდი წვალებით აღწევს... დააკვირდით, როგორი დაღლილი და გამოფიტულია, თუმცა ერთ სანტიმეტრ მონაკვეთზე არ ხრის მუხლს. "ჰიტი" იმ სერიაში დამარცხდა...


2022 წელს "მაიამი" ისევ გადის კონფერენციის ფინალში, თუმცა ჯეისონ ტეიტუმის ლიდერობით "ბოსტონ სელტიკსი" 4:3-ს ამარცხებს... ბატლერმა ბოლო წამებზე წინ გამყვანი სროლა ვერ გამოიყენა და საშინელი გრძნობაც იმ წამსვე შემოეპარა... NBA-ის ვარსკვლავს შურისძიება სურდა, ამისთვის კი დიდი დრო არ დასჭირვებია, 2023 წლის პლეი-ოფში "ჰიტი" პლეი-ინიდან მე-8 ადგილით გავიდა, ზოგადად კალათბურთი ცნობილია სხვადასხვა ტერმინოლოგიით, ერთ-ერთი სპეციალური "პლეი-ოფის რეჟიმია", როდესაც კალათბურთელები თავის მაქსიმუმს მოედანზე აკეთებენ. 

Sportall.Ge

და ჯიმიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა, პირველ რაუნდში რეგულარულში აღმოსავლეთის გამარჯვებული, "მილუოკი ბაქსი" 4:1 დაამარცხა, გამოსარჩევია მე-4 შეხვედრა, რომელშიც ბატლერმა 56 ქულა ჩააგდო და ფრენჩაიზის რეკორდი დაამყარა, შემდეგ 4:2 დაამარცხა "ნიუ იორკ ნიქსი" და ფინალში "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ თამაში დაიმსახურა. სპელსტრას შეგირდებმა სუპერფინალის საგზურისთვის ბრძოლა ჩინებულად დაიწყეს, "კელტებს" ორივე მატჩი მასაჩუსეტსში მოუგეს, შემდეგ ფლორიდაშიც არაფერი დაუთმეს და სერია 3:0 წაიყვანეს, თუმცა "სელტიკსის" კალათბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ მე-7 შეხვედრაში "მაიამი" სულ სხვა განწყობით გამოვიდა და მეტოქეც მისსავე არენაზე გააცამტვერა. ბატლერი აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოა, მიიღო ლარი ბერდის ჯილდოც და ახლა ფინალის დროა, სადაც "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება. ნიკოლა იოკიჩისა და ჯამალ მარის ლიდერობით გუნდი მაგარ კალათბურთს თამაშობს, თუმცა ერთსულოვნება, ბრძოლისუნარიანობა, წარმატებისთვის თავგანწირვა დიდი მიზნების მიღწევის წინაპირობა... 


როგორც ლეგენდარული კობი ბრაიანტი ამბობდა, მისთვის სრულყოფილება საჩემპიონო ბეჭედია. დროა, ჯიმის კარიერა სრულყოფილებით შეიმოსოს, ის ამას იმსახურებს.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ამბობენ ,ბატლერი ჯორდანის უკანონო შვილიაო
თორნიკე
01:06 01-06-2023
0
კი კარგი მაგრამ დასასრული არ მომეწონა "როგორც ლეგენდარული კობი ბრაიანტი ამბობდა, მისთვის სრულყოფილება საჩემპიონო ბეჭედია. დროა, ჯიმის კარიერა სრულყოფილებით შეიმოსოს, ის ამას იმსახურებს." იოკიჩზეც იგივე ითქმის ფდა დაე როგორც იტყვიან გაიმარჯვოს უძლიერესმა
გუჯა
21:23 31-05-2023
0

სიახლეები პოპულარული