ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სუპერფინალური ეტაპის მეხუთე მატჩი სან-ფრანცისკოში ჩატარდა, მასპინძელმა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 104:94 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
"ოქროსშტატელების" მხრიდან ენდრიუ უიგინსმა თავი 26 ქულით, 13 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კლეი ტომპსონმა 21, ხოლო სტეფ კარიმ 16 ქულა მიითვალა.
სტუმართა შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მარკუს სმარტის ანგარიშზე 20 ქულა გახლდათ.
როგორც მოგახსენეთ, "უორიორსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. რიგით მე-6 შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება, "კელტების" გამარჯვების შემთხვევაში კი ნანატრ მე-7, გადამწყვეტ მატჩს მივიღებთ.