ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მე-6 შეხვედრა მასაჩუსეტსში, ადგილობრივ "ბოსტონ სელტიკსსა" და "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შორის გაიმართა.
მატჩი "ოქროსშტატელების" გამარჯვებით, 103:90 დასრულდა. სანფრანცისკოელებმა სერიაში 4:2 გაიმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ.
სტუმართა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 34 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა, "ოქროს ბიჭუნამ" ფინალების საუკეთესო კალათბურთელის წოდებაც დაიმსახურა.
სტეფს მხარი ენდრიუ უიგინსმა აუბა, რომელმაც თავი 18 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
მასპინძელთა მხრიდან ჯეილინ ბრაუნმა გუნდს 34 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამ სერიის მთავარი იმედგაცრუება ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ... დღევანდელ მატჩში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის საუკეთესო კალათბურთელმა აქტივში 13 ქულა ჩაიწერა...
ამრიგად, "გოლდენ სტეიტ უორიორსი" 2015 წლის შემდეგ ლიგის ჩემპიონი უკვე მეოთხედ გახდა.
რაც შეეხება გზას ტრიუმფამდე, რეგულარული სეზონი 53 მოგებითა და 29 წაგებით დაასრულა, რის შემდეგაც დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გავიდა. პლეი-ოფის პირველ ეტაპზე "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში ჯა მორანტის "მემფის გრიზლის" შეხვდა და 4:2 გაიმარჯვა, კონფერენციის ფინალში "დალას მავერიკსს" 4:1 სძლია...