ტრადიციულად, ძირითადად საჭიდაო სახეობებში მოპოვებული გამარჯვებებით ცნობილი გორული სპორტისთვის საკალათბურთო გუნდების ამჟამინდელი სახარბიელო შედეგები აღსანიშნავი წარმატებაა და სპორტის ამ სახეობის განვითარებისკენ სვლის მაჩვენებელია.
დავიწყოთ უმცროსებით, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივ პროექტში "NBA ჟუნიორ"-ში მიიღეს მონაწილეობა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს 16-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე მოასპარეზე გორელ კალათბურთელთა გუნდმაც.
ვაჟებს შორის 18-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე კი "გორი" ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სამივე გუნდი გორის
საინტერესოა, რომ სამიდან ორ გუნდს დათო რუსიშვილისა და ვერა შავშიშვილის სამწვრთნელო დუეტი ავარჯიშებს.
18-წლამდე კალათბურთელთა გუნდ "გორს" წლევანდელ სეზონში მარინე გოჩაშვილი და მარი ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
გორში კალათბურთის, ისევე, როგორც სპორტის სხვა არაერთი სახეობის განვითარება ქალაქის სპორტული სკოლების გაერთიანების ხელშეწყობით ხდება. ვარჯიშებს კი გუნდები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში ატარებენ.
"საკალათბურთო გუნდების წარმატებამ, ცხადია, ძალიან გაგავახარა. ჩვენი ქალაქი განებივრებულია სპორტის საჭიდაო სახეობებში მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებებით.
ბუნებრივია, გვინდა ისინი ისევ განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ, მაგრამ აქვე სხვა სახეობების ხელშეწყობითაც რასაკვირველია დაინტერესებულნი ვართ. კალათბურელთა გუნდების მიერ სამ სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებამ დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით გაღებულ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია.
ჩვენი თანადგომა გორელ კალათბურთელებს სამომავლოდაც არ მოაკლდებათ და შესაძლებლობის ფარგლებში მხარდაჭერის გაუმჯობესებაზეც ვიზრუნებთ" - გვითხრა გორის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშვილმა.
გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში სათამაშო სახეობის წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი დარბაზი, რომელშიც კალათბურთელები და ხელბურთელები ვარჯიშობენ, სტანდარტულთან შედარებით მცირე ზომისაა.
თუმცა, მათთვის პირობების გაუმჯობესება წლეულსვე გახდება შესაძლებელი. სწორედ მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება გორში მშენებარე სპორტის სასახლის გახსნა. სასახლე ორდარბაზიანი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ აქამდე არსებულ ყველა სპორტული დარბაზისგან განსხვავებით, საშეჯიბრო იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"